“დღეს ისეთი მდგომარეობაა, თუ საჭირო გახდა, უსაფრთხოების კანონმდებლობა კი არა, შეიძლება კონსტიტუციაც შეცვალო“

კავკასიის საკითხებში ექსპერტ მამუკა არეშიძის განცხადებით, საქართველოსთვის გასათვალისწინებელია დიდი ბრიტანეთის, ამერიკის შეერთებული შტატების, საფრანგეთის პოზიციები, რომლებიც საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვის მიზნით კანონმდებლობას ცვლიან.
როგორც არეშიძე გაზეთ „ალიასთან“ ინტერვიუში აცხადებს, თუკი საქართველოს სპეცსამსახურებს ამ კუთხით რაიმე პრობლემა აქვთ, ცვლილებები ჩვენს კანონმდებლობაშიც უნდა განხორციელდეს.
ექსპერტის თქმით, საქართველოს ტერიტორიაზე ძალიან ბევრი გაურკვეველი წარმომავლობის ორგანიზაცია მოქმედებს, ამიტომ, სპეცსამსახურებს ამ კუთხით ბევრი სამუშაო აქვთ.
„თუკი საქარველოს სპეცსამსახურებს ამ კუთხით რაიმე პრობლემა აქვთ, ისინი ამ ფერხულში უნდა ჩაებან და კანონმდებლობაში 21-ე საუკუნის გამოწვევების შესაბამისი ცვლილებები განახორციელონ. დასავლეთის სპეცსამსახურებს, ჩანს, რომ გარღვევა ჰქონდათ და მე შემიძლია მაგალითით ვიმსჯელო, გერმანიაში შეხვედრა მქონდა საფრანგეთის სპეცსამსახურების წარმომადგენლებთან და მათ მითხრეს, ჩვენ ვართ შეზღუდულები და ხელ-ფეხშეკრულებიც პოლიტიკური ხელმძღვანელობის მხრიდან, რადგან ისინი წინ აყენებენ ადამიანის უფლებებს და ისეთ საკითხს, როგორიც არის ტოლერანტობა, მულტიკულტურული თემები და ა.შ.
მე ვთვლი, ეს არის ფსევდოფასეულობები, თან იმ ფონზე, როგორც დღეს დასავლეთშია მიღებული, ხშირ შემთხვევაში ასეთი ფასეულობების მხარდაჭერა ქვეყნის ლიდერების მხრიდან ხდება მათივე ქვეყნის საზიანოდ. ეს მითხრა საფრანგეთის სპეცსამსახურების წარმომადგენელმა. მათ ხშირ შემთხვევაში იციან, ვინ არის “ისლამური ხალიფატის“ წევრი, მაგრამ კანონმდებლობით შეზღუდულები არიან და ვერ მოქმედებენ, მე ვფიქრობ, დაგვიანებულიცაა უსაფრთხოების კუთხით კანონმდებლობაში ცვლილებების განხორციელებაზე ფიქრის დაწყება. დღეს ისეთი მდგომარეობაა შექმნილი, თუ საჭირო გახდა, უსაფრთხოების კანონმდებლობა კი არა, შეიძლება კონსტიტუციაც შეცვალო, მაგრამ ამისთვის სერიოზული არგუმენტებია საჭირო, რომლებიც საზოგადოებისთვის მისაღებია და გასაგები გახდება. ძალიან ბევრი გაურკვეველი წარმომავლობის ორგანიზაცია მოქმედებს საქართველოს ტერიტორიაზე, სპეცსამსახურებმა ამ კუთხით ბევრი უნდა იმუშაონ“,- აცხადებს მამუკა არეშიძე.
მისივე შეფასებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ ლევან იზორიამ ინტერნეტსაიტებთან დაკავშირებით აბსოლუტურად სწორი განცხადება გააკეთა.
„სხვათა შორის, ჩემს ცხოვრებაში პირველად დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ლევან იზორიას განცხადება ინტერნეტსაიტებთან დაკავშირებით იყო აბსოლუტურად სწორი.
საიტების ლიკვიდაცია ყველაზე დაბალი კვალიფიკაციის ჰაკერისთვისაც პრობლემა არ არის, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან სერიოზული ხალხი მუშაობს ინტერნეტრესურსებზე “ისლამური ხალიფატის“ მხრიდან,ზოგ შემთხვევაში ეს საიტები საჭიროა იმისთვის, რომ თვალყური მიადევნო, ვინ არის დაკავშირებული ამ საიტებთან, ვეთანხმები იზორიას, რომ არ არის ამ სისტემის დაბლოკვა საჭირო, მეტიც, დაუბრკოლებლად უნდა იმუშაონ, რათა რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია დააგროვო და სათავეზე გახვიდე. მე უბრალოდ ერთი რამ მაშინებს, ასეთი მასშტაბის ტერორისტებთან ბრძოლის გამოცდილება საქართველოს სპეცსამსახურებს არ აქვთ, ამას სჭირდება ბევრი მუშაობა, საკანონმდებლო ბაზის გასწორება, ტექნიკური აღჭურვა, რესურსის მოზიდვა და ეს ყველაფერი არის სწრაფად გასაკეთებელი“,- აცხადებს მამუკა არეშიძე.
ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელი ჯონ ბრენანი თვლის, რომ პარიზის თავდასხმა მხოლოდ ერთჯერადი აქტი არ არის. ბრენანი ვაშინგტონში საგანგებო მოხსენებით გამოვიდა და ამერიკის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით სტრატეგიის შეცვლის აუცილებლობაზე ისაუბრა. სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელს უხდებოდა პასუხის გაცემა კითხვაზე, თუ როგორ გამოეპარათ უსაფრთხოების სამსახურებს ასეთი თავდასხმა მაშინ, როდესაც ტერორისტებს, სავარაუდოდ, თვეების განმავლობაში მრავალჯერადი კომუნიკაცია ჰქონდათ ტერაქტების მოსამზადებლად. ჯონ ბრენანი მიიჩნევს, რომ უნდა მოხდეს საკანონმდებლო შეზღუდვების გადახედვა უსაფრთხოების სამსახურების მუშაობასთან დაკავშირებით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები