„საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციები პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდიან ეროვნულ უსაფრთხოებასთან“

დროა, შესაბამისმა სამსახურებმა შეისწავლონ ისეთი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც არ არიან გამჭვირვალე და არ ვიცით, რა ინტერესებს ატარებენ ქვეყანაში, – ამის შესახებ გაზეთი „ალია“ დღევანდელ ნომერში გამოქვეყნებულ სტატიაში წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ქვეყანაში არსებობს 17 ათასზე მეტი ასეთი ორგანიზაცია, რომელიც მტრის წისქვილზე ასხამს წყალს.
„ალია“ არასამთავრობოებთან მიმართებაში აშშ-ს პრაქტიკაზე საუბრობს და წერს, რომ საქართველოსგან განსხვავებით, იქ მოქმედი არასამთავრობოები ვალდებულნი არიან, გაასაჯაროონ ინფორმაცია, ვინ დგას მათ უკან და რა ფულით საზრდოობენ ისინი.
„13 ნოემბერს, მასშტაბურ ტერაქტამდე ორი დღით ადრე, 11 ნოემბერს არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ სარჩელით მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს და ითხოვს იმ ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას, რომელთა საფუძველზეც შესაძლებელია, რომ კონტრდაზვერვის საქმიანობის ფარგლებში მოსამართლის ნებართვის გარეშე განხორციელდეს ფარული ვიდეო და აუდიო, ფარული კინო და ფოტოგადაღება. სატელევიზიო კამერებისა და სხვა ელექტრონული მოწყობილობების გამოყენება, აგრეთვე, ელექტრონული თვალთვალი ერთი მონაწილის წერილობითი თანხმობით.
საკონსტიტუციო სასამართლოც და ეს არასამთავრობოც, ალბათ, თავის საქმეს მიხედავენ, მაგრამ უკვე დიდი ხანია, დროა, შესაბამისმა სამსახურებმა შეისწავლონ ისეთი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც არ არის გამჭვირვალე და არ ვიცით, რა ინტერესებს ატარებენ ქვეყანაში. შეიძლება ბევრი მათგანი ემსახურება არა ქვეყნის ინტერესებს, არამედ ხშირ შემთხვევაში ატარებს უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების ინტერესს.
საქართველოში, 2013 წლის მონაცემებით, რეგისტრირებულია 18044 არასამთავრობო ორგანიზაცია, აქედან 506 გაუქმებულია და აქტიურად მხოლოდ 17538 არასამთავრობო ორგანიზაცია მუშაობს. 3 მილიონ 600 ათასიან ქვეყანაში აასეთი რაოდენობის არასამთავრობო ორგანიზაციები, წესით, კრიტიკის ობიექტი უნდა გამხდარიყო. სამი წლის განმავლობაში ხელისუფლების მხრიდან დროდადრო ვისმენთ შეძახილებს და საყვედურებს მათ მიმართ, რამდენჯერმე ბიძინა ივანიშვილმა დააყენა საკითხი, რომ შეისწავლიდა არასამთავრობოების საქმიანობას და მან მხოლოდ რამდენიმე ტრაფარეტული არასამთავრობო ორგანიზაცია ჩამოთვალა. ალბათ, ბიძინა ივანიშვილმა არ იცის, რომ იმ ხუთი არასამთავრობოს გარდა, ქვეყანაში არსებობს კიდევ 17 ათასზე მეტი ასეთი ორგანიზაცია, რომელიც მინიმუმ მტრის წისქვილზე ასხამს წყალს.
მრავალმილიონიან საფრანგეთში მოქმედებს 500-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია და საქართველოსგან განსხვავებით ისინი მხოლოდ იმ მიმართულებებს იკვლევენ, რაშიც დასაქმებულები არიან და წლის ბოლოს სპეციალურ მოხსენებას აქვეყნებენ, მათ შორის, ხარჯების შესახებაც. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კატეგორიულად აკრძალა არაბული და ისლამური სახელმწიფოების მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები და სავალდებულოა, იქ მოქმედმა არასამთავრობოებმა დაასაბუთონ ფულის წარმომავლობა, ისინი ჩვეულებრივ საგადასახადო რეჟიმის პირობებში იმყოფებიან და გასაჯაროებულია ინფორმაცია, ვინ დგას მათ უკან და რა ფულით საზრდოობენ.
საქართველოში, განსხვავებით პოლიტიკური პარტიებისგან, არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის სავალდებულო არ არის, გაასაჯაროონ, საიდან, რომელი ქვეყნიდან იღებენ დახმარებას. ალბათ, დროა, საქართვლოს სპეცსამსახურები დაინტერესდნენ, ვინ დგას კონკრეტულად არასამთავრობო თუ საგანმანათლებლო ორგანიზაციების უკან, ვინაიდან „ისლამური სახელმწიფო“ არ არის მხოლოდ ტერორისტული ქსელი, მათ აქვთ ჩამოყალიბებული იდეოლოგია, დიდი ფული და ყველა ის სახელმწიფო ატრიბუტიკა, რომლითაც სხვა ქვეყნების მოსახლეობაზე ახდენენ ზეგავლენას. მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები თანხმდებიან, რომ ზედმეტმა ტოლერანტულობამ დააყენა ის შედეგი, რაც დააყენა და ვეკითხები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ვინ მოგცათ იმის უფლება, სახელმწიფო უსაფრთხოებას გადააბიჯოთ და თქვენი მერკანტილური ინტერესები დაიკმაყოფილოთ? ზუსტადაც, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უნდა იმოქმედოს თავისი ქვეყნების უსაფრთხოებიდან გამომდინარე. მსოფლიო ტერორიზმთან ბრძოლა მიმართულებას იცვლის და ევროპული ქვეყნები საკუთარი კონსტიტუციიის გადახედვაზეც ფიქრობენ და საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციები პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდიან ეროვნულ უსაფრთხოებასთან“,- წერს სტატიის ავტორი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები