რა ცვლილებები უნდა განხორციელდეს საქართველოს უსაფრთხოების კანონმდებლობაში
რა ცვლილებები უნდა განხორციელდეს საქართველოს უსაფრთხოების კანონმდებლობაში – ამ სათაურით “ალია“ დღევანდელ ნომერში საგაზეთო მასალას ქვეყნებს.
როგორც სტატიის ავტორი წერს, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მსოფლიო ტერორიზმთან ბრძოლა მიმართულებას იცვლის და ევროპული ქვეყნები საკუთარი კონსტიტუციის გადახედვაზეც ფიქრობენ.
სტატიაში მოყვანილია ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელის ჯონ ბრენანის მოხსენებაც, რომელშიც ბრენანი უსაფრთხოების სამსახურების მუშაობასთან დაკავშირებით საკანონმდებლო შეზღუდვების გადახედვასა და სადაზვერვო სამსახურის როლის გაძლიერების აუცილებლობას უსვამს ხაზს.
სტატიის ავტორი ამ მიმართულებით საქართველოში არსებულ ვითარებაზე ამახვილებს ყურადღებაზე და წერს, რომ თუკი საქართველო ცივილიზებულ სამყაროს ფეხს არ აუწყობს და უსაფრთხოების კანონმდებლობას არ დახვეწს, მხოლოდ ფინანსების გაზრდა დიდ შედეგს ვერ გამოიღებს.
როგორც სტატიაშია აღნიშნული, პარიზში განხორციელებულმა ტერაქტებმა კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ ტერორიზმის საფრთხისგან საქართველო კი არა, სუპერსახელმწიფოებიც არ არიან დაცულნი.
ამიტომ, ქვეყნებმა, მათ შორის საქართველომაც ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ უსაფრთხოების სამსახურებს გამართულად, დაბრკოლებების გარეშე შეეძლოთ მოქმედება ქვეყნის ინტერესების დაცვისას.
“პარიზის მასშტაბურმა ტერაქტმა თავდაყირა დააყენა მსოფლიოს უსაფრთხოება. ფაქტია, რომ მე-20 საუკუნის კანონმდებლობა ეფექტურად ვეღარ უმკლავდება 21-ე საუკუნის საფრთხეებს,-აცხადებს ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის უფროსი. საფრანგეთის პრეზიდენტი კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის მოთხოვნით გამოდის. დიდი ბრიტანეთი უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს. რა ხდება ამ კუთხით ჩვენს ქვეყანაში,რომელიც ჯიჰადისტების ერთგვარი ჰაბია? არის საფრთხე რადიკალმა ისლამისტურმა დაჯგუფებებმა საქართველოს დერეფანი გამოიყენონ სირიასთან, თურქეთთან, რუსეთთან და ევროპასთან დასაკავშირებლად.
“ისლამურმა ხალიფატმა“ თავდაყირა დააყენა მსოფლიო და თუკი საქართველო ცივილიზებულ სამყაროს ფეხს არ აუწყობს,არ დახვეწს უსაფრთხოების კანონმდებლობას, მარტო იმის მოთხოვნა, რომ ამ სამსახურს სჭირდება დაფინანსების გაზრდა, არაფერს ნიშნავს, თუკი ფინანსები და კანონმდებლობა შესაბამისობაში არ მოვა. შეიძლება ითქვას, რომ „ისლამური სახელმწიფო“ ყურის ძირშია და ჩვენ ცეცხლის რკალში ვიმყოფებით. ისლამურ ხალიფატში 40 ათასი აქტიური მებრძოლი იბრძვის და მათ ჰყავთ 100 ათასი რეზერვისტი.
ისლამურ ხალიფატში საბრძოლველად წასულია საფრანგეთიდნ – 1200,დიდი ბრიტანეთიდან – 600, გერმანიიდან – 600, ბელგიიდან -440, დანიიდან – 150,შვედეთიდან -180, აზერბაიჯანიდან – 400,რუსეთიის ფედერაციიდან – 4000, საქართველოდან – 50-100… ტერორიზმის საფრთხისგან საქართველო კი არა, სუპერსახელმწიფოებიც არ არიან დაცულნი, რომლებიც დღემდე თავს იწონებდნენ გამართული უსაფრთხოების სისტემით და ყველაზე ძლიერი სპეცსამსახურებით. ვნახეთ, რომ საფრანგეთის ნაქები სპეცსამსახურები ჩაფლავდნენ, მიუხედავად იმისა, რომ მათ ერაყის სპეცსამსახურებმა რამდენიმე დღით ადრე მიაწოდეს ინფორმაცია მოსალოდნელი საფრთხის შესახებ, დიდი ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახურებმა რამდენიმე საათით ადრე გააფრთხილეს ოფიციალური პარიზი, მოსალოდნელის შესახებ ისრაელმაც მიაწოდა ინფორმაცია, მაგრამ ფრანგული სპეცსამსახურები მაინც უძლური აღმოჩნდნენ ამ სისხლიანი გამოწვევის წინაშე“,-წერს გაზეთი “ალია“ და დასძენს, რომ სწორედ ამიტომ დიდმა ბრიტანეთმა საგამოძიებო უფლებამოსილების გაზრდის შესახებ კანონპროექტი შეიმუშავა.
“პროექტის მიხედვით, პროვაიდერები ვალდებულები ხდებიან, ინტერნეტმომხმარებელთა ვებისტორიები ერთი წლის მანძილზე შეინახონ. ასეთი რეგულაციები შეეხება “ whats app“-ს, “I messemger“-ს (დაშიფრული მესიჯების სერვისებს), კანონი ასევე ითვალისწინებს, როდის შეუძლიათ სპეცსამსახურებს კომუნიკაციების მიყურადება და ჩაწერა. ამავე პროექტის მიხედვით, როდესაც საფრთხეშია ადამიანების სიცოცხლე, არსებობს გადაუდებელი აუცილებლობა,შესაძლებელია, მიყურადება განხორციელდეს მოსამართლის ნებართვის გარეშე 5 დღის განმავლობაში. ბრიტანეთის უსაფრთხოების სამსახურების ხელმძღვანელები აღნიშნავენ,რომ ტექნოლოგიური პროგრესის ფონზე მათი უფლებამოსილებები მოდერნიზებას საჭიროებს ქვეყნის უსაფრთხოების უკეთესად დაცვის მიზნით. ცნობილია, რომ მსოფლიოში დიდი ბრიტანეთი, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად ითვლება. დიდმა ბრიტანეთმა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ხუთჯერ აირიდა თავიდან მოსალოდნელი მასშტაბური ტერორისტული აქტი“,- წერს გაზეთი “ალია“.