საქართველოს ბიზნესისა და საინვესტიციო გარემოს შესახებ პრეზენტაცია გაიმართა
ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს დელეგაციის მონაწილეობით ბელგიაში საქართველოს საელჩოში ადგილობრივი ბიზნესწრეების წარმომადგენლებისთვის საქართველოს ბიზნესის და საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ პრეზენტაცია გაიმართა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ღონისძიებას ბელგიის 30-მდე მსხვილი ბიზნეს გაერთიანების, საინვესტიციო კომპანიებისა და ბიზნესასოციაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საქართველოს მხრიდან ბელგიელ ბიზნესმენებს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მიმართეს. ვიცე-პრემიერმა ხაზი გაუსვა საქართველოს ევროპულ მისწრაფებას და აღნიშნა, რომ ქვეყნისთვის პრიორიტეტულია ევროკავშირის სახელმწიფოებთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება, რის საფუძველსაც ასოცირების შესახებ შეთანხმება და ღრმა და თავისუფალი სავაჭრო სივრცის რეჟიმი იძლევა. შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველოში ბელგიის ბიზნესდელეგაციის პირველი ვიზიტი, რომელიც გასულ წელს განხორციელდა.
საქართველოს მთავრობის წევრებმა ბელგიელ ბიზნესმენებს ინფორმაცია მიაწოდეს საქართველოს რეგიონალურ და სატრანზიტო მნიშვნელობაზე, ეკონომიკური და ბიზნესისწარმოების თვალსაზრისით ქვეყანაში განხორციელებულ რეფორმებზე. მინისტრებმა ბელგიის საქმიანი წრეების წარმომადგენლებს ასევე გააცნეს სხვადსხვა წამყვან საერთაშორისო რეიტინგში საქართველოს მოწინავე პოზიცია. ბელგიელ ბიზნესმენებთან შეხვედრაზე საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში საინვესტიციო პოტენციალის შესახებ პრეზენტაცია საქართველოს საინვესტიციო სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი პერტაიამ წარადგინა.