მიტოვებული ჩვილის შესახებ მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკური საავადმყოფო განცხადებას ავრცელებს
იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკური საავადმყოფო სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ იმ ინფორმაციას ეხმაურება, სადაც მიტოვებული ჩვილის შესახებ საზოგადოების წევრები დახმარების სახით ტანსაცმელს აგროვებდნენ. „კვირა“ საავადმყოფოს მიერ გავრცელებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„გვინდა გამოვეხმაუროთ გუშინ სოციალურ მედიაში გავრცელებულ მცდარ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს მშობლებისგან მიტოვებული 2 დღის ბავშვი ჩვენს კლინიკაში იმყოფება და ის უყურადღებობის გამო მოსახლეობის დახმარებას საჭიროებს.
განვმარტავთ, რომ ჩვენს კლინიკაში ამ დროისათვის მკურნალობის კურსს არ გადის არცერთი ბავშვი, რომლიც ოფიციალურად მიტოვებულად ითვლება, ასევე არ წევს არცერთი პაციენტი, რომელიც მოსახლეობისგან რაიმე ტიპის მოვლის საგნებს საჭიროებდეს.
გთხოვთ, ნუ გაავრცელებთ გადაუმოწმებელ ინფორმაციას არასრულწლოვან პაციენტებთან დაკავშირებით. ეს არის ძალიან სენსიტიური თემა და ამით, პირველ რიგში, ზიანი ადგებათ პაციენტებს და მათ მშობლებს, რომლებიც მ.იაშვილის სახელობის კლინიკაში მკურნალობის პროცესს გადიან.
ნებართვის გარეშე მოპოვებული ფოტო, რომელიც გუშინ სოციალურ ქსელებში და სააგანეტოებში გავრცელდა, ეკუთვნის 1 თვის ბავშვს, რომელსაც ურთულესი თანდაყოლილი ნევროლოგიური დიაგნოზი აქვს და მის გადასარჩენად კლინიკა ყველაფერს აკეთებს, მას უკვე ჩაუტარდა მაღალტექნოლოგიური ნეიროქირუგიული ოპერაცია და ახლა კლინიკაში მკურნალობის სრულ პროცესს გადის. აღნიშნული პაციენტის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციას ბავშვის მშობლების თანხმობის საფუძველზე ვასაჯაროებთ“, – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, სადაც ნათქვამი იყო, რომ მშობლებმა 2 დღის ჩვილი მიატოვეს და პატარა იაშვილის სახელობის კლინიკაშია მიყვანილი.
ამავე ინფორმაციის თანახმად, საზოგადოების წევრები ჩვილისთვის ტანსაცმელს და სხვადასხვა ნივთს აგროვებდნენ.
ამასთანავე, გუშინვე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ პატარა გოგონას დედის ნაცვლად, სხვა მეძუძური დედები კვებავნენ.
აღნიშნული ინფორმაცია გუშინ, 16 ნოემბერს „კვირამ“ იაშვილის სახელობის ბავშვთა რესპუბლიკური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორთან გადაამოწმა. ივანე ჩხაიძის ინფორმაციით, მათ კლინიკაში მშობლების მიერ მოტოვებული ჩვილი ნამდვილად იყო მოთავსებული. თუმცა, არა 2 დღის, არამედ 2 თვის.
სამედიცინო დირქტორის ინფორმაციით, 2 თვის ბავშვი, რომელიც მრავლობითი ანომალიით დაიბადა, მშობლებმა იაშვილის სახელობის ბავშვთა რესპუბლიკურ საავადმყოფოში დატოვეს. მისი თქმით, გოგონას მშობლები, საქართველოს მოქალაქეები, ეთნიკურად აზერბაიჯანელები არიან.
ჩხაიძის განცხადებით, ჩვილი საავადმყოფოს ბავშვთა განყოფილებაშია მოთავსებული და მას არანაირი დახმარება არ სჭირდება.
„ჩვენი საავადმყოფოს ადმინისტრაციის წარმომადგენელი სოცმუშაკს დაუკავშირდა. მშობლებმა ახსნა – განმარტება უკვე დაწერეს. ვინაიდან ჩვილი მრავლობითი ანომალიით დაიბადა, მშობლები ბავშვზე უარს აცხადებენ, გოგონას შემდგომ ჩვილ ბავშვთა სახლში გადაიყვანენ და მასზე მზრუნველობას სახელმწიფო აიღებს”, – განუცხადა “კვირას” ჩხაიძემ.