ოლანდი ტერორიზმთან დაკავშირებული პირებისთვის საფრანგეთის მოქალაქეობის ჩამორთმევას მოითხოვს

საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი ტერორიზმთან დაკავშირებული პირებისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის ინიციატივით გამოდის.
„თუ ადამიანი ჩვენი ერის ფუნდამენტურ პრინციპებს არღვევს, თუ ის ტერორისტულ შეტევებშია ეჭვმიტანილი, ეს ადამიანი ისტორიულად ფრანგიც რომ იყოს, მოქალაქეობა უნდა ჩამოერთვას. ეს ორმაგ მოქალაქეობასაც ეხება“, – განაცხადა ოლანდმა.
მისი თქმით, ევროპაში, მათ შორის საფრანგეთში, ბოლო წლებში რამდენიმე სერიოზულ ტერორისტულ შეტევას ჰქონდა ადგილი.
„2015 წლის დასაწყისში მოხდა თავდასხმა „შარლი ებდოს“ რედაქციაზე, ივნისში ლიონთან ახლოს ტერორისტებმა თავი მოჰკვეთეს თხევადი აირის საწარმოს დირექტორს. აგვისტოში სროლები იყო ამსტერდამი-პარიზი-ბრიუსელის მატარებელში, როდესაც მგზავრები იქ მყოფმა ამერიკელმა საზღვაო მედესანტეებმა გადაარჩინეს. ასე რომ, წელს მხოლოდ საფრანგეთში ამ ტიპის 6 შეტევა მოხდა“, – აცხადებს ოლანდი.
ოლანდის განცხადებით, პარიზის ტერაქტებისთვის ტერორისტები რამდენიმე წლის განმავლობაში ემზადებოდნენ, ამიტომ მომავალში მსგავსი მოვლენების თავიდან ასაცილებლად უფრო სერიოზული ღონისძიებების გატარებაა აუცილებელი. ოლანდის თქმით, აუცილებელია ტერორიზმთან ბრძოლის საკითხში დაკარგული დროის ანაზღაურება, რადგანაც დღეს ინიციატივა რადიკალების ხელშია.
„ნებისმიერი ჩატარებული სპეცოპერაცია სულ მცირე ერთი ადამიანის გადარჩენილი სიცოცხლეა. როდესაც საქმე ეხება ადამიანების უსაფრთხოებას, აქ ეკონომიაზე საუბარი გამორიცხულია“, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები