რუსეთი ადასტურებს, რომ ეგვიპტეში „კოგალიმავიას“ თვითმფრინავი ტერაქტის შედეგად აფეთქდა

რუსეთმა აღიარა, რომ ავიაკომპანია „კოგალიმავიას“ თვითმფრინავი ტერაქტის შედეგად აფეთქდა. „ინტერფაქსის“ ცნობით, ამის შესახებ რუსეთის უსაფრთოების ფედერალური სამსახურის ხელმძღანელმა ალექსანდრე ბორტნიკოვმა ვლადიმერ პუტინთან გამართულ თათბირზე განაცხადა. მისი ინფორმაციით, ლაინერის ნამსხვრევებზე და მგზავრების ბარგზე ასაფეთქებელი ნივთიერების კვალია აღმოჩენილი. უშიშროების ფედერალური სამსახურის ინფორმაციით, ბომბის სიმძლავრე 1 კილოგრამ ტროტილის ეკვივალენტს შეადგენდა. ამის შედეგად თვითმფრინავი ჰაერში დაიშალა. „ერთმნიშვნელოვნად შეიძლება ითქვას, რომ ეს ტერორისტული აქტია“, – განაცხადა ბორტნიკოვმა.
ასევე ამ თათბირზე ვლადიმერ პუტინმა სპეცსამსახურებს ტერაქტის ორგანიზატორების ვინაობის დადგენა დაავალა. უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა ტერაქტში დამნაშავეთა დაკავებისთვის 50 მილიონი დოლარის ჯილდო დააწესა.
შეგახსენებთ, რომ ავიაკომპანია „კოგალიმავიას“ ლაინერი A-321, რომელიც შარმ ელ-შეიხიდან სანქტ-პეტერბურგში მიფრინავდა, სინაის ნახევრაკუნძულზე ჩამოვარდა. მის ბორტზე მყოფი 224-ვე ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები