გიორგი მღებრიშვილი ოფიციალური ვიზიტით სლოვაკეთის რესპუბლიკაში იმყოფება
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის სლოვაკეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა თავის სლოვაკ კოლეგასთან, რობერტ კალინიაკასთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე გიორგი მღებრიშვილმა და რობერტ კალინიაკასმა, რომელიც, ამავდროულად, სლოვაკეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერია, ხელი მოაწერეს შეთანხმებას „საქართველოს მთავრობასა და სლოვაკეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის შესახებ“.
შეთანხმება შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებს შორის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის სამართლებრივ საფუძველს ქმნის.
მინისტრებმა საქართველოს მთავრობასა და სლოვაკეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის, საქართველოსა და ევროკავშირს შორის „უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ“ შეთანხმების საიმპლემენტაციო ოქმს მოაწერეს ხელი.
„საქართველოსა და ევროკავშირს შორის უნებართვოდ მყოფი პირების რეადმისიის შესახებ“ შეთანხმების მე-19 მუხლის თანახმად, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს ან საქართველოს თხოვნის საფუძველზე, მხარეები ორმხრივ საიმპლემენტაციო ოქმებს აფორმებენ, რომლებიც შეთანხმების განხორციელების დებულებებს განსაზღვრავენ.
შეხვედრისას გიორგი მღებრიშვილმა და რობერტ კალინიაკასმა, ორმხრივი თანამშრომლობის და ევროინტეგრაციის კუთხით განხორციელებული, ასევე, მიმდინარე რეფორმების შესახებ ისაუბრეს.
მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას და ტრანსნაციონალური, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების სურვილი გამოთქვეს, რაც ერთობლივი სამუშაო ჯგუფების, გამოცდილების გაზიარების და შესაძლებლობების გაზრდის გზით მოხდება.
მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა სამართალდაცვით სფეროში მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება.
„მსოფლიოს ყველა ქვეყნის ძირითად პრიორიტეტს და მთავარ ამოცანას კრიმინალთან ბრძოლა წარმოადგენს. ეს ბრძოლა ეფექტურია მაშინ, როდესაც ხორციელდება ერთობლივად. სწორედ ამიტომ მე ჩემს კოლეგასთან, სლოვაკეთის შინაგან საქმეთა მინისტრთან ერთად დღეს ორ საკმაოდ მნიშვნელოვან დოკუმენტს მოვაწერე ხელი, რომელიც ქართულ და სლოვაკურ სამართალდამცავ ორგანოებს დააახლოებს და საშუალებას მოგვცემს, დანაშაულს ერთიანი ძალებით ვებრძოლოთ. ეს, ფაქტობრივად, ერთიანი თანამშრომლობის სამართლებრივ საფუძვლებს იძლევა. ჩემს კოლეგასთან მიმოვიხილე არა მარტო ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის დეტალები, არამედ ევროინტეგრაციის კუთხით საქართველოში მიღწეული პროგრესი. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს ვიზიტი საკმაოდ ნაყოფიერი იქნება“,-განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.