ირმა ინაშვილი ირაკლი ღარიბაშვილს პასუხობს

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხმაურება. მისი თქმით, შიმშილობის აქცია არა მარტო გაგრძელდება, არამედ გაფართოვდება.
„გავეცანი პრემიერ-მინისტრის განცხადებას. მე, რა თქმა უნდა, არ ველოდი და არა ველი, რომ ხელისუფლება აღიარებს საგარეჯოში არჩევნების გაყალბებას. მეორეჯერ ვიმეორებ, რომ ხელისუფლებამ არჩევნები გააყალბა არა მარტო საგარეჯოში, არამედ მარტვილშიც. მეტს გეტყვით, არ ვიცი, მოვიგეთ თუ არა არჩევნები (კონკრეტულად) მარტვილში, მაგრამ მინიმუმ 10%-ით მეტი ხმა მივიღეთ, ვიდრე დაგვიწერეს. მე ვერ ვიხსენებ, რომ საქართველოში რომელიმე ხელისუფლებას ოდესმე ეღიარებინოს არჩევნების გაყალბება. არადა, საქართველოში რომ არჩევნები ყოველთვის ყალბდებოდა, ეს ყველამ კარგად იცის. საინტერესოა ისიც, რომ ყოველი ახალი ხელისუფლება, ვიდრე ხელისუფლებაში მოვა, წინა ხელისუფლებას ადანაშაულებს არჩევნების გაყალბებაში, ხოლო, როცა თავად აღმოჩნდება ხელისუფლებაში, მაინც გაყალბების გზას ირჩევს! საგარეჯოში რომ არჩევნები გაყალბდა, ეს, პირველ რიგში, იცის ყველა საგარეჯოელმა და მერე იცის მთელმა საქართველომ. რაც მთავარია, ეს ხელისუფლებამაც მშვენივრად იცის. ამაზე ბევრჯერ მისაუბრია და მეტს აღარ ვისაუბრებ! დღეს ჩვენ სწორედ იმისთვის ვიბრძვით,რომ 2016 წლის არჩევნები არ გაყალბდეს. ჩვენ ვითხოვთ, რომ სახელმწიფო მოხელეების, მერებისა და გამგებლების, პოლიციის უფროსებისა, თუ სხვათა ჩარევა საარჩევნო პროცესში, ამომრჩეველთა მოსყიდვა და დაშინება განიხილებოდეს, როგორც სისხლის სამართლის დანაშაული. ვიბრძვით იმისათვის, რომ საარჩევნო კომისიებში 13 წევრიდან 10 არ ჰყავდეს მხოლოდ „ქართულ ოცნებას“, ანუ ვიბრძვით, რომ არჩევნებში მონაწილეობა იყოს თავისუფალი და კონკურენტებს ჰქონდეთ თანაბარი პირობები.
ჩვენი მოთხოვნები არაერთგზის გავაჟღერეთ პრესით, ტელევიზიით, ინტერნეტითაც, მაგრამ ხელისუფლება ისე იქცევა, თითქოს ვერ ხვდება და არ ესმის, რაზე ვსაუბრობთ. არადა, ეს ის ხელისუფლებაა, რომელიც 2012 წელს სწორედ ამ ყველაფერს (ანუ რასაც დღეს ჩვენ ვითხოვთ) გვპირდებოდა… მაგრამ ახლა არაფერს გვპირდება. თითქოსდა, ეს მოთხოვნები არც ესმის. თითქოსდა, ვერ იგებს, რას ვითხოვთ და მხოლოდ ზოგადი ფრაზებით გვესაუბრება. რატომ? იმიტომ, რომ ხელისუფლებას არაფრის შეცვლა არ სურს! ხელისუფლებამ ხალხის ნდობა დაკარგა! ხელისუფლება უკვე დღეს ემზადება 2016 წლის არჩევნების გაყალბებისთვის. აი, ამიტომ ჩვენ არაფერს არ დავთმობთ! ვიქნებით პრინციპულნი და ვიბრძოლებთ ბოლომდე, ვიდრე ჩვენი მოთხოვნები არ შესრულდება! შიმშილობის აქცია არა მატო გაგრძელდება, არამედ გაფართოვდება!
მინდა აღვნიშნო, რომ პოლიცია ძალიან ცუდად იქცევა გორში, ზუგდიდსა და ქობულეთში. მთელი დღეა ცდილობს მოშიმშილეების დაშინებასა და აყრას. ამაშიც ჩანს, დღეს რაოდენ სავალალო ვითარებაში ვიმყოფებით. ჯერ ხელისუფლებას და, შესაბამისად, პოლიციას შევახსენებ: შიმშილობა, თუ მშვიდობიანი პროტესტის ნებისმიერი სხვა სახეობა კონსტიტუციით მონიჭებული ფუნდამენტია… და ამ ფუნდამენტს არავინ უნდა შეეხოს! ირმა ინაშვილი. 2015 წლის 12 ნოემბერი. მთავრობის სახლის მოედანი. მოშიმშილეთა აქცია“,- წერს ინაშვილი.
შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრმა „პატრიოტთა ალიანსის“ წევრებს შიმშილობის შეწყვეტის თხოვნით მიმართა. როგორც პრემიერი აღნიშნავს, „პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატმა ირმა ინაშვილმა შეძლო შუალედურ არჩევნებში კოალიცია „ქართული ოცნების“ რესპუბლიკელი კანდიდატისთვის, თამარ ხიდაშელისთვის რეალური ოპონირება გაეწია. თუმცა, აქვე ირაკლი ღარიბაშვილი დასძენს, რომ ობიექტური გარემოებები მიუთითებს – შუალედური არჩევნები კანონის შესაბამისად ჩატარდა და ორივე მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გაიმარჯვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები