ნიკა გვარამია ადასტურებს, რომ ახალი ტელევიზიის გახსნაზე საუბარი იყო

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის უფლებამოსილება შეჩერებული გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია მის მიერ ახალი ტელევიზიის დაფუძნების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ადასტურებს.
როგორც გვარამიამ ბრიფინგზე აღნიშნა, ამ თემაზე საუბარი მას შემდეგ შედგა, რაც დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ ოფიციალური განცხადება გააკეთეს.
„რაც შეეხება იმას, რომ თითქოს ტელევიზიას ვაფუძნებ და გადადინება მოხდება, ეს კრიმინალია. ვერსად ვერაფრის გადადინება ვერ მოხდება. ტელევიზიის დაფუძნებაზე ჩვენ გვქონდა საუბარი, ამას არ დავმალავ, როგორც ერთ-ერთ უკიდურეს გამოსავალზე, თუ აქ პროცესები ისე წარიმართებოდა, რომ სხვა შანსს არ დაგვიტოვებდნენ. მაგრამ ეს იყო იმის მერე, რაც ბატონმა დვალმა, აქიმიძემ და ა.შ. ბრიფინგი ჩაატარეს. ისიც ტყუილია, როცა იძახის, რომ ეს გახდა ჩემთვის ცნობილი და იმიტომ მივედით სასამართლოშიო. ხან იძახის, რომ მივიღეთ გადაწყვეტილება დროებით მმართველობაზეო და თურმე თვითონ იყო ქიბარ ხალვაშთან ერთად ამ გადაწყვეტილების მიმღები, ხან იძახის, რომ სასამართლოში გახდა ჩემთვის ცნობილი, რომ დავინიშნეო. მოკლედ, ეს არის მატყუარა და მშიშარა კაცი. მოვუწოდებ, რომ მივიდეს სასამართლოში და განაცხადოს, რომ ემიჯნება ამ პროცესს. იყოს საკუთარ შიშებთან მარტო და ნუ აზიანებს სხვებს“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები