ზაალ უდუმაშვილი “რუსთავი 2”-ის დროებით მმართველობაზე უარს ამბობს

მე არ ვარ გამოცდილებით ფინანსისტი და ვერც ავიღებ ამ ვალდებულებას ჩემს თავზე ვერასოდეს, – ასე გამოეხმარუა “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე ზაალ უდუმაშვილი დავით დვალისა და რეზო საყევარიშვილის შეთავაზებებს ტელეკომპანიის დროებით მმართველობაზე. ამასთან, უდუმაშვილმა დაადასტურა, რომ დავით დვალს შეხვდა.
“როგორც ვხედავთ, სიურპრიზები ხელისუფლების მხრიდან არ მთავრდება და დასასრული არ უჩანს ამ პროცესს. ერთი საათის წინ ჩვენ სრული აბსურდი მოვისმინეთ იმ ე.წ. დროებითი მმართველებისგან, რომლებიც თამაზ ურთმელიძემ დაუნიშნა “რუსთავი 2”-ს. პირველ რიგში, მე მაინტერესებს როდიდან გახდა კონფიდენციალური საუბრები განხილვის თემა – ვადასტურებ, რომ დავით დვალთან შეხვედრა შედგა მისივე ინიციატივით, რომელზეც მე გავაცანი ჩემი პოზიცია და კარგად ავუხსენი, რომ ეს არის ხელისუფლების წარმოებული ბრძოლა, რომელშიც ის წარმოადგენს ამ ბრძოლის იარაღს. მას ჰქონდა თავისი პოზიცია. ბუნებრივია, ჩვენ ვერ შევჯერდით პოზიციებზე. მისი ბოლო წინადადება ასეთი იყო – ხომ არ დავთანხმდებოდი დროებით მმართველობას, რათა კომპანია გადაგვერჩინა, რაზეც ჩემგან თანხმობა დავით დვალს არ მიუღია. დღეს მოვისმინე ის, რაც მოვისმინეთ. მე მაინტერესებს, როგორ გატარდა საჯარო რეესტრში იმ ვალდებულებების დოკუმენტი, რომელიც მე დამაკისრეს დავით დვალმა და რევაზ საყევარიშვილმა ისე, რომ მასზე ჩემი ხელმოწერა არ იყო? მე გავიარე იურისტებთან კონსულტაცია და ვიცი, რომ ჩემი თანხმობისა და ხელმოწერის გარეშე ამ დოკუმენტის გატარება არ შეიძლებოდა. შესაბამისად, ეს დოკუმენტი არის უკანონო. მე ვარ “რუსთავი 2″-ის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე და მაქვს კონკრეტული ფუნქციები. ვხელმძღვანელობ არხის საინფორმაციო პოლიტიკას. მე არ ვარ გამოცდილებით ფინანსისტი და ვერც ავიღებ ამ ვალდებულებას ჩემს თავზე ვერასოდეს, ვინაიდან ამას შესაბამისი კვალიფიკაცია და გამოცდილება სჭირდება”, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
სასამართლოს მიერ დანიშნულმა “რუსთავი 2”-ის დროებითმა მმართველებმა – რეზო საყევარიშვილმა და დავით დვალმა საკუთარი უფლებამოსილება არხის გენერალური დირექტორის პირველ მოადგილეს ზაალ უდუმაშვილს მიანიჭეს. შესაბამისი განცხადება დვალმა და საყევარიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთეს. დვალის განმარტებით, უდუმაშვილისთვის “რუსთავი 2”-ის დროებითი მმართველის უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე შესაბამისი გადაწყვეტილება საჯარო რეესტრში უკვე ასახულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები