საბურთალოს გამგეობამ სტიქიით დაზარალებულ ობიექტებზე სკვერების კეთილმოწყობა დაიწყო

სტიქიის შედეგად დაზარალებულ ჩიქოვანისა და კოსტავას ქუჩებზე საბურთალოს რაიონის გამგეობამ ახალი, თანამედროვე სკვერების მოწყობა დაიწყო. პროექტები კომპანია „დიზაინ გრუპმა“ მოამზადა, სამუშაოებს კი კომპანია „ჯეოპარკი“ ახორციელებს.
ამ ტერიტორიებზე იგეგმება თანამედროვე სკვერებისა და მოსასვენებელი ზონების მოწყობა მწვანე საფარით, დეკორატიული განათებებით, ავტომატური სარწყავი სისტემებითა და ეკოლოგიურად სუფთა მასალისაგან დამზადებული საპარკო ინვენტარით.
2015 წლის 13 ივნისის სტიქიის შედეგად ამ რაიონში ყველაზე მეტად ჩიქოვანის ქუჩა დაზარალდა. N30,34 და 36-ე კორპუსები ის ნაგებობებია, რომლის წინაც ჩაიარა სტიქიის ტალღამ – დაიტბორა კორპუსების პირველი სართულები და სარდაფები, საიდანაც მოსახლეობამ დიდი ძალისხმევის შედეგად მოახერხა გამოსვლა.
საბურთალოს რაიონის გამგებლის ბექა მიქაუტაძის განცხადებით, სარდაფის ტიპის საცხოვრებელი ბინებიდან მოსახლეობა გამოსახლებულია, სახელმწიფომ მათი კერძო საკუთრება გამოისყიდა. „ამ ტერიტორიაზე ჩვენ მოვაწყობთ თანამედროვე სკვერებს, სათამაშო მოედნებითა და მწვანე საფარით, ავტიმატური მორწყვის სისტემით, დეკორატიული განათებებითა და ეკოლოგიურად სუფთა მასალისაგან დამზადებული საპარკო ინვენტარით. ახალი პარკის კეთილმოწყობას დავიწყებთ მალე ცნობილი თერთმეტსართულიანის ეზოშიც“, – აცხადებს ბექა მიქაუტაძე.
ჩიქოვანის ქუჩაზე სტიქიის დროს განადგურდა სპორტული მოედანიც, რომლის რეაბილიტაციაც 2016 წელს იგეგმება. მიმდინარე პროექტში მისი გათვალისწინება ვერ მოხერხდა, რადგან მოედნის მოწყობამდე აუცილებელია საყრდენი კედლის მშენებლობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები