საერთაშორისო კონფერენციის მეორე თემატური სესია გაიმართა

მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციის „გენდერული თანასწორობისკენ – გამოწვევები და შესაძლებლობები ევროპული სამეზობლო პოლიტიკის რეგიონში“ მეორე თემატური სესია გაიმართა, რომლის ფარგლებში კონფერენციის მონაწილეებმა ქალების მიმართ ძალადობის აღმოფხვრის თემატიკაზე ისაუბრეს.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მეორე სესიის მოდერატორი ჟან მონეს პროფესორის წოდების მფლობელი კალიოპე აღაპიუ-ჟოზეფიდისი იყო. მომხსენებლებს შორის იყვნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში, სოფიო ჯაფარიძე, საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი, გაერო-ს სპეციალური მომხსენებელი ქალთა მიმართ ძალადობის, ძალადობის მიზეზებისა და შედეგების საკითხებში დუბრავკა შიმონოვიჩი, გაერო-ს მოსახლეობის ფონდის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისის დირექტორი ჰეიმო ლააკონენი, რუმინეთის დეპუტატთა პალატის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ანა ბირჩალი და არასამთავრობო ორგანიზაცია „პრომუნდოს“ აღმასრულებელი დირექტორი ტატიანა მურა.
სესიის მონაწილეებმა ქალების მიმართ ძალადობის აღმოფხვრის, ადრეული ქორწინების დისკრიმინაციულ პრაქტიკასთან ბრძოლის, ცნობიერებისა და განათლების დონის ამაღლების საკითხებზე იმსჯელეს.
კონფერენციის მონაწილეთა გამოსვლების შემდგომ თემატურმა სესიამ სიტყვა-პასუხის რეჟიმში გადაინაცვლა.
ცნობისთვის, მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენცია „გენდერული თანასწორობისკენ – გამოწვევები და შესაძლებლობები ევროპული სამეზობლო პოლიტიკის რეგიონში“ თბილისში ა.წ. 10 ნომბერს ტარდება. მასში 250-მდე სტუმარი და 20-მდე მაღალი დონის გამომსვლელი მონაწილეობს. ღონისძიება საქართველოს მთავრობის ინიციატივით ევროკავშირთან და გაეროსთან თანამშრომლობით იმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები