გურამ ადამაშვილი: მე მახსოვს 7 ნოემბერი

არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიციის“ ხელმძღვანელი გურამ ადამაშვილი სოციალურ ქსელში 2007 წლის 7 ნოემბერს იხსენებს და მიიჩნევს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, რომელმაც მაშინ საკუთარი ხალხი გაიმეტა, უნდა დაისაჯოს.
„დღეს 7 ნოემბერია. 2007 წლის 7 ნოემბერს მაშინდელმა ხელისუფლებამ საკუთარი ხალხი გაწირა. „ნაციონალური მოძრაობის“ ჯალათებმა საკუთარი საზოგადოება სასიკვდილოდ გაიმეტეს. ცრემლსადენი გაზის, წყლის ჭავლის, რეზინის ტყვიებით და მხუთავი აირით დაარბიეს მშვიდობიანი მომიტინგეები, მოიწამლნენ ჟურნალისტები და მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანები. სპეცრაზმელები ტელეკომპანია „იმედში“ შეიჭრნენ, სადაც შეკრებილი საპროტესტო აქციის მონაწილეები რეზინის ხელკეტებით, ტყვიებითა და ცრემლსადენი გაზით დაშალეს და დაარბიეს. დაშავებულთა შორის იყვნენ „იმედის“ ჟურნალისტებიც. ძალადობრივი მეთოდებით მაუწყებლობა შეწყვიტა ორმა ტელეკომპანიამ – „იმედმა“ და „კავკასიამ“ გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა. ყოველივე ამის შემდეგ ამ დამნაშავე პოლიტიკურ ორგანიზაციას კვლავ ხელისუფლებაში დაბრუნების ამბიცია აქვს. უტიფრად სამართლიანობაზე და თავისუფალ სიტყვაზე გველაპარაკებიან.
მიმაჩნია, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ბევრი დანაშაული მიუძღვის საზოგადოების წინაშე და თუ ჩვენ დემოკრატიული ქვეყნის მშენებლობა გვინდა, არცერთი დანაშაული და უსამართლო ქმედება დაუსჯელი არ უნდა დარჩეს. ამ საბედისწერო დღეს დაიღუპნენ ადამიანები, რომელთაც სურდათ საკუთარი ქვეყანა უკეთესი ეხილათ და მათი ხსოვნა უკვდავია… მე მახსოვს 7 ნოემბერი…“, – წერს ადამაშვილი ფეისბუქზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები