საგარეჯოს მუნიციპალიტეტში სამი საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია დასრულდა
საგარეჯოს მუნიციპალიტეტში სამი საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია დასრულდა, ერეკლე მეორის ქუჩაზე, სოფელ ბადიაურსა და ე.წ. მეკოკიშვილების უბანში არსებულ გზებზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოები კი 1 დეკემბრამდე დასრულდება.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ თენგიზ შერგელაშვილმა რეგიონული განვითარების ფონდის მიერ განხორციელებული პროექტები დაათვალიერა. მინისტრის მოადგილემ მანავისა და გომბორის, ასევე საგარეჯოში, კოსტავას ქუჩაზე არსებული რეაბილიტირებული საბავშვო ბაღები მოინახულა. აღნიშნულ ობიექტებზე თითქმის არ არსებობდა სამზარეულო და სველი წერტილები, მანავის ბაღს დაზიანებული ჰქონდა საძირკველი, კოსტავას ქუჩაზე მდებარე ბაღში კი მხოლოდ კედლები და სახურავი იყო შემორჩენილი. ამორტიზებულ შენობებში განთავსებული საბავშვო ბაღები ბავშვებისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენდა. სარემონტო სამუშაოების ჩატარების შემდეგ ფაქტობრივად სამივე ბაღი მთლიანად განახლდა და მზად არის აღსაზრდელების მისაღებად.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ბაღების გარდა, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, რეაბილიტაცია გზებსაც ჩაუტარდა. თენგიზ შერგელაშვილმა მოინახულა გიორგიწმინდაში ე.წ. „მეკოკიშვილების“ უბანში განახლებული გზა, ასევე სოფელ ბადიაურის გზა და ერეკლე მეორის ქუჩა. აღნიშნულ გზებზე ბოლო 30 წლის მანძილზე სარემონტო სამუშაოები არ ჩატარებულა და როგორც ავტომობილით, ისე ფეხით გადაადგილება მოსახლეობას სერიოზულ პრობლემას უქმნიდა.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტში რეგიონული განვითარების ფონდის მიერ განხორციელებული პროექტების ღირებულება მილიონ 344 ათასი ლარია, სარეაბილიტაციო სამუშაოებში 200 ადამიანი დასაქმდა.