ქვემო-ქართლში ფერმერები პროგრამა „დანერგე მომავალის“ მიმდინარეობას გაეცნენ
სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ 2015 წლის სექტემბრიდან პროგამის: „დანერგე მომავალი“ მეორე ეტაპი დაიწყო.
აღნიშნული პროგრამის მენეჯერმა, ლევან დოლიძემ ქვემო-ქართლის თვითმმართველობის წარმომადგენლებს და ადგილობრივ ფერმერებს პროგრამაში: „დანერგე მომავალი“ შეტანილი ცვლილებები გააცნო. მენეჯერმა პროგრამის შესახებ დეტალურად ისაუბრა და ფერმერების შეკითხვებს უპასუხა. ადგილობრივმა ფერმერებმა სურვილი გამოთქვეს აქტიურად ჩაერთნონ აღნიშნულ პროგრამაში და გააშენონ მრავალწლოვანი ბაღები.
პროგრამის: „დანერგე მომავალი“ მეორე ეტაპში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღება სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოში 1 სექტემბრიდან დაიწყო და უკვე 36 განაცხადია შესული.
პროექტების მართვის სააგენტოს ცნობით, მეორე ეტაპის დაწყებისთანვე პროგრამაში შევიდა ცვლილებები, რომლის შედეგად მრავალწლოვანი ბაღების კომპონენტში, საქართველოს ყველა რეგიონში 5 ჰექტრის ნაცვლად მიწის მინიმალური ფართობი 1 ჰექტარით განისაზღვრა. ახალი დადგენილებით, ბენეფიციარს შესაძლებლობა ექნება პროგრამით რამდენჯერმე ისარგებლოს, თუმცა დაფინანსება ჯამში 100 000 ლარს, ხოლო გაშენებული ბაღის ფართობი – 20 ჰექტარს არ უნდა აღემატებოდეს; რეგიონებს, ინტენსიური ბაღების გაშენებისთვის ახალი კულტურები დაემატა; დასავლეთ საქართველოში, კერძოდ, გურია, სამეგრელოსა და აჭარის რეგიონებში თხილის კულტურის გაშენების შემთხვევაში მოიხსნა შეზღუდვა წვეთოვანი სარწყავი სისტემის სავალდებულო მოწყობის თაობაზე, რაც ბენეფიციარს თავისუფალი არჩევანის საშუალებას აძლევს; გარკვეულ კულტურებზე გაიზარდა 1 ნერგზე დაფინანსების თანხობრივი ლიმიტები იმპორტის გზით ნერგების შეძენის შემთხვევაში 20 %-ით გაიზარდა ერთ ნერგზე დაფინანსების დადგენილი თანხობრივი ლიმიტი.
პროგრამაში უცვლელი დარჩა სახელმწიფო თანადაფინანსების პრინციპი: ბაღის გაშენების შემთხვევაში – ნერგების ღირებულების 70%-ს და წვეთოვანი სარწყავი სისტემის ღირებულების 50%-ს სააგენტო დააფინანსებს, სანერგე მეურნეობის შემთხვევაში კი მეურნეობის შექმნის ღირებულების 50 %-ის დაფინანსება მოხდება.
სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ პროგრამის „დანერგე მომავალი“ პირველი ეტაპის ფარგლებში სულ 14 განაცხადი დაამტკიცა. პროექტის ფარგლებში 14 ბენეფიციარზე გაცემულია 575,889 ლარის დაფინანსება. 89,6 ჰა-მდე მიწის ფართობზე გაშენდა – 84,3 ჰა ვაშლის, 1 ჰა -ატამი, 3.09 ჰა ქლიავი და 1,2 ჰა ბალის კულტურები.
ცნობისთვის, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ პროგრამის: „დანერგე მომავალი“ განხორციელება თებევრლის ბოლოდან დაიწყო. მისი მიზანია საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში (თბილისის, რუსთავის, ბათუმის და ფოთის გარდა) სასოფლო-სამეურნეო მიწების მიზნობრივი გამოყენების ზრდის მაქსიმალური ხელშეწყობა, მრავალწლოვანი ინტენსიური ბაღების გაშენება და სანერგე მეურნეობების მოწყობა. პროექტის „დანერგე მომავალი“ განხორციელებისთვის ორი წლის განმავლობაში 15 მილიონი ლარი დაიხარჯება. პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია 1 000 – 1 200 ჰა-ზე თანამედროვე ტიპის ბაღის და 30 – 40 ახალი (ან არსებულის გაფართოება), თანამედროვე სანერგე მეურნეობის გაშენება, რაც ხელს შეუწყობს, ერთი მხრივ, ადგილობრივ ბაზარზე იმპორტის ჩანაცვლებას, ხოლო, მეორე მხრივ, საექსპორტო პოტენციალის გაზრდას.