კურტ ვოლკერი: საქართველოში სასამართლო პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენეს

ნატოში აშშ-ის ყოფილი ელჩი, ჯონ მაკეინის საერთაშორისო ლიდერთა ინსტიტუტის დირექტორი კურტ ვოლკერი მიიჩნევს, რომ “რუსთავი 2”-ის საქმეზე მთავრობამ სასამართლო პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენა. როგორც “აიპრესის” კორესპონდენტი რიგიდან იუწყება, აღნიშნული განცხადება კურტ ვოლკერმა რიგის კონფერენციაზე გააკეთა.
ვოლკერმა საქართველოში მიმდინარე პროცესები რუსეთის ქმედებებს დაუკავშირა და აღნიშნა, რომ რუსეთს, პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებში განვითარების შეჩერება სურს. “ჩვენ უნდა შევწყვიტოთ საუბარი ასეთი წინადადებებით, რომ თითქოს უნდა მოვნახოთ გზები, როგორ ვითანამშრომლოთ რუსეთთან, რუსეთი უნდა ფიქრობდეს, როგორ ითანამშრომლოს დანარჩენ ქვეყნებთან. პუტინი სწორედ იმ ქვეყნებს ესხმის თავს, რომლებმაც ნატოსთან დაახლოების გზა აირჩიეს, აქ ვგულისხმობ სამხედრო, ეკონომიკურ შეტევას. იმისთვის, რომ დაამყაროს კონტროლი პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, ცდილობს შეაჩეროს პროგრესი ამ ქვეყნებში.
მინდა ცალკე გამოვყო საქართველოს საკითხი, რომელიც საკუთარ თავს ფეხებში ესვრის. ჩვენ ყველას გვსურს, ვიხილოთ წამატებული საქართველო, მაგრამ ქვეყანა საკუთარ თავს არ ეხმარება. სულ ბოლო შემთხვევას გავიხსენებ, როდესაც სასამართლო სისტემა გამოიყენეს პოლიტიკური მიზნებისთვის, ვგულისხმობ ტელევიზიის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას, ამით ქვეყანა საკუთარ წინსვლას აჩერებს”, – განაცხადა ვოლკერმა.
შეგახსენებთ, რიგაში საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკიტხებზე კონფერენცია გუშინ გაიხსნა.
კონფერენციაზე 400-ზე მეტი მაღალი რანგის პოლიტიკოსი და სამხედრო პირი მონაწილეობს. რიგაში კონფერენცია პირველად 2006 წელს გაიხსნა და მას შემდეგ ყოველ წელს მიმდინარეობს.

წყარო: “აიპრესი”

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები