მიხეილ დუნდუა: მედიის თავისუფლებას არაფერი ემუქრება

ტელეკომპანია „რუსთავი 2“ -ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს „20/30″-ის ექსპერტი მიხეილ დუნდუა ეხმაურება.
როგორც მან განაცხადა, სასამართლოზე ნებისმიერი პოლიტიკური ძალის, როგორც მმართველი, ისე სხვა პოლიტიკური ძალის ზეწოლა დაუშვებელია.
მისივე თქმით, მედიის თავისუფლებას არაფერი ემუქრება.
„ყველაფერი კარგად იქნება. დარწმუნებული ვარ. სასამართლოსთან დაკავშირებით შეიძლება ვინმეს ჰქონდეს კრიტიკული პოზიცია, მაგრამ ის დამოუკიდებელია და თვითონ იღებს გადაწყვეტილებას. მთავარია, პროცესი წარიმართოს სამართლებრივად სწორად. დაუშვებელია ნებისმიერი პოლიტიკური ძალის, როგორც მმართველი, ისე სხვა პოლიტიკური ძალის სასამართლოზე ზეწოლა.
რაც შეეხება ჟურნალისტების თავისუფლების ხარისხს, ორი აზრი არ არსებობს, რომ მედია უნდა იყოს თავისუფალი, თუმცა ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია აღიარებს იმას, რომ მედიის თავისუფლების კუთხით გადადგმულია ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, სასამართლომ გადაწყვიტა მესაკუთრეობასთან დაკავშირებული დავა ისე, როგორც მოსამართლემ ჩათვალა საჭიროდ. არსებობს სააპელაციო სასამართლო, არსებობს უზენაესი სასამართლო – დაველოდოთ პროცესების განვითარებას. ზედმეტი დრამატიზება და გამწვავება, როცა გადადგმული არ არის არანაირი შემზღუდავი ნაბიჯი, არ არის სწორი. დღეისთვის ვინმე ჩაერია სარედაქციო პოლიტიკაში? არსებობს ეჭვები, რომლებიც, დარწმუნებული ვარ, საფუძველს მოკლებულია. მე დარწმუნებული ვარ, მედიის თავისუფლებას არაფერი ემუქრება”, – განაცხადა დუნდუამ.
საზოგადოება „20/30″ საქართველოს „ეკონომიკურ მიღწევებსა და გამოწვევებთან დაკავშირებულ საკითხზე” სასტუმრო „თბილისი მარიოტში” რიგით მეორე ფორუმს მართავს. ფორუმში ეკონომიკური ექსპერტები მონაწილეობენ, რომლებიც არსებულ პრობლემებზე, რისკებსა და პერსპექტივებზე მსჯელობენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები