„პროცესი „რუსთავი 2“- ის ირგვლივ, როგორი მტკივნეულიც არ უნდა იყოს, ვისაც ეკუთვნის, მან უნდა დაიბრუნოს“
„პროცესი „რუსთავი 2“- ის ირგვლივ, როგორი მტკივნეულიც არ უნდა იყოს, სამართლიანობა არ უნდა დაიკარგოს, ვისაც ეკუთვნის, მან უნდა დაიბრუნოს, მაგრამ ეს დამოუკიდებელი მედიის და მისი სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის ხარჯზე არ უნდა მოხდეს“, – აღნიშნული განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ანი მიროტაძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
მიროტაძისთვის გაურკვეველია, რატომ გახდა საჭირო „რუსთავი 2“- ში დროებითი მმართველების დანიშვნა და ამ საკითხზე მხარეებისგან განმარტებებს ელის. დეპუტატის განცხადებით, ტელეკომპანიის საქმის ირგვლივ ბევრი პასუხგაუცემელი კითხვები გაჩნდა.
„ რუსთავი 2“- ის საქმესთან დაკავშირებით ჩნდება პასუხგაცემული კითხვები. მოსამართლის ბოლო გადაწყვეტილებამ უფრო მეტი კითხვა გააჩინა, ვიდრე პასუხი. მე ველოდები, რომ ამ საქმეზე დღეს ქიბარ ხალვაშის მიერ, რომელმაც მოითხოვა, რომ დროებითი მმართველი დანიშნულიყო ტელეკომპანიაში, გაკეთდება განმარტებები, ასევე განმარტებებს ველი მოსამართლის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. მე მგონია, რომ მთავარ კითხვებზე პასუხი გაცემული არ არის. პირველი ის, თუ რატომ გახდა აუცილებელი დროებითი მმართველის დანიშვნა, რა პრევენციული ზომები გატარდა ამით? იყო თუ არა რაიმე საფრთხე და თუ იყო, რა საფრთხესთან შეიძლებოდა გვქონოდა საქმე? მხარე ვალდებულია, ძალიან მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ყველა კითხვაზე პასუხი გასცეს, მაგრამ მოდით, ყველაფერს დავარქვათ თავისი სახელი. პრობლემა „რუსთავი 2“ -ის მფლობელებთან დაკავშირებით იყო და რჩება. ეს პრობლემა 2 ან სამი წლის წინ არ დაწყებულა. წლების განმავლობაში მედიის წარმომადგენლები ვითხოვდით მფლობელების შესახებ უფრო გამჭვირვალე ინფორმაციის არსებობას. თუ ვინმე პოლიტიკური ლიდერი თუ გუნდი მიხეილ სააკაშვილის კარზე დაწინაურდებოდა, მას ყოველთვის უჩნდებოდა სურვილი, მედისაშუალება ეკონტროლებინა, განსაკუთრებული იყო ეს სურვილი „რუსთავი 2“- თან მიმართებაში. „ რუსთავი 2“ ბევრი წლის განმავლობაში ხელისუფლების ხელში იარაღი იყო, მაგრამ დღეს ეს არაფერს არ ცვლის. „რუსთავი 2“- ის საქმის ირგვლივ არსებული ბუნდოვანება უნდა გაქრეს. თუ ამისთვის საჭიროა საკონსტიტუციო სასამართლოს მყისიერი რეაგირება, მაშინ მე იმედს ვიტოვებ, რომ საკონსტიტუციო ამ შემთხვევაშიც სწრაფად მიიღებს გადაწყვეტილებას“,- განაცხადა ანი მიროტაძემ.