რევაზ საყევარიშვილი: “რუსთავი 2”-ში კრიტიკული აზრი არ ჩაკვდება
“რუსთავი 2”-ში კრიტიკული აზრი არ ჩაკვდება და არცერთი ადამიანი “რუსთავი 2″ -ს არ დატოვებს”, – ამის შესახებ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის დროებითმა მმართველმა რევაზ საყევარიშვილმა სასტუმრო “რედისონში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე მტკიცებით, “რუსთავი 2”, რომელიც არის დღეს ნომერ პირველი ტელევიზია, ამ ადგილს აუცილებლად შეინარჩუნებს.
“მე მინდა ყველას ვუთხრა, რომ ჩვენ ერთად ვიმუშავებთ და არცერთი ადამიანი “რუსთავი 2” -ს არ დატოვებს. ბუნებრივია, თუ ის არ იქნება მისი პირადი არჩევანი და ეს არ იქნება იმ პრინციპებთან კონფლიქტში მოსვლა, რომელიც საზოგადოდ არის აღიარებული, როგორც ჟურნალისტიკის მთავარი პრინციპები. მე ვფიქრობ, რომ ეს შესაძლებელია და ამას ხელს არაფერი არ შეუშლის.
ეს არის ჩვენი – ყველას ერთობლივი ხედვა. ეს ასეც იქნება. გავა დრო და ამას ყველა დაინახავს.
მე ვთვლი, რომ “რუსთავი 2”, რომელიც დღეს ნომერ პირველი ტელევიზიაა, ამ ადგილს აუცილებლად შეინარჩუნებს და კიდევ უფრო გააძლიერებს. “რუსთავი 2”-ის ის გუნდი, რომელიც ქმნის “რუსთავი 2″-ს დღევანდელი სახით და მრავალი წლის განმავლობაში ეს, ბუნებრივია, არის ის ბირთვი და ძირითადი აქტივი, რომელიც ამ ტელევიზიას გააჩნია. ამას ჩვენ – ყველანი ძალიან კარგად ვაცნობიერებთ”, – განაცხადა საყევარიშვილმა, რომელიც მოსამართლე თამაზ ურთმელიძის გუშინდელი გადაწყვეტილებით “რუსთავი 2”-ის დროებით მმართველად დაინიშნა, არხის აქამდე მოქმედ გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას კი უფლებამოსილება შეუწყდა.