ადვოკატი: თუ დაკმაყოფილდება “რუსთავი 2”-ის და “საქართველოს” მოთხოვნები, ეს თავდაყირა დააყენებს სამოქალაქო ბრუნვას საქართველოში
„თუ საკონსტიტუციო სასამართლომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“- სა და „საქართველოს“ მოთხოვნები დააკმაყოფილა, ეს თავდაყირა დააყენებს სამოქალაქო ბრუნვას საქართველოში“, – ამის შესახებ ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა პაატა სალიამ სასტუმრო „რედისონში“ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც ადვოკატმა აღნიშნა, გარდა იმისა, რომ „ტელეკომპანია „რუსთავი 2“- მა უკვე მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს, დღეს, იმავე სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავენ ტელეკომპანია „საქართველოს“ იურისტებიც.
მისი თქმით, თუ საკონსტიტუციო სასამართლომ მათი მოთხოვნები დააკმაყოფილა, მაშინ ეს გადაწყვეტილება საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.
„ჩვენ შევიტყვეთ, რომ დღეს ტელეკომპანია „საქართველო“ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს და იმავე ნორმების შეჩერებას მოითხოვს. ეს არ არის პირველი შემთხვევა, გარდა იმისა, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“- მა უკვე მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს მუხლის შეჩერების თაობაზე, იმავე მოთხოვნით ამავე სასამართლოს ტელეკომპანია „საქართველომაც“ მიმართა, რომელიც ითვალისწინებდა სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებას. მათ ასევე მიმართეს სხვა ნორმების გაუქმების თაობაზეც. სამოქალაქო კოდექსისა, რაც, ჩვენი აზრით, აბსოლუტურად წინააღმდეგობაშია ჩვენს კონსტიტუციასთან. ის მოთხოვნები, რომლებიც მათ დაეყენეს სასამართლოში, თუ ეს ნორმები საკონსტიტუციო სასამართლოში დაკმაყოფილდა, ეს თავდაყირა დააყენებს სამოქალაქო ბრუნვას საქართველოში. ვინაიდან ისინი ასაჩივრებენ და არაკონსტიტუციურად თვლიან იმ ნორმას, რომელიც არის ერთ-ერთი საფუძველი, რომელიც ამყარებს იმ პრინციპებს, რომელზეც დგას დემოკრატიული საზოგადოება, კანონის უზენაესობას, ზნეობრივი ნორმების უზენაესობას. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ არ მინდა ღიად დარჩეს რაიმე საკითხი სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ ვამბობ, არანაირად არ ყოფილა რაიმე სახის კანონის დარღევა. სასამართლომ კანონის შესაბამისად, მიიღო გადაწწყვეტილება და ვთვლით, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო“, – აღნიშნა პაატა სალიამ. შეგახსენებთ, რომ 2 ნოემბერს, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ი ს ადვოკატებმა საქართველოს პარლამენტის წინაამდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანეს. საკონსტიტუციო სასამართლომ ასევე დააკმაყოფილა მოსარჩელეთა შუამდგომლობა და საკითხის საბოლოო გადაწყვეტამდე შეჩერა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის მოქმედება, რომელიც განსაზღვრავს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებელი აღსრულების ერთ-ერთ საფუძველს.