ადვოკატი: მივმართეთ სასამართლოს, რათა ტელეკომპანიას ავარიდოთ ის მოვლენები, რომელიც იგეგმებოდა

ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის ადვოკატის პაატა სალიას განცხადებით, საქალაქო სასამართლოს გუშინდელი განჩინებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების არანაირი დარღვევა არ მომხდარა.
ადვოკატმა სალიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გავრცელებულ ინფორმაციას ტყუილი უწოდა და დამატებითი განმარტებები გააკეთა.

“ჩვენ სასამართლოს დროებითი მმართველების დანიშვნის მოთხოვნით 4 ნოემბერს მივმართეთ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე. კერძოდ კი იმ გარემოებებიდან გამომდინარე, რომ ტელეკომპანია იმართება მესამე პირებისგან, რომლებსაც არანაირი სამართლებრივი კავშირი არ აქვთ კომპანიასთან.
დღევანდელი მენეჯმენტი იღებს დავალებებს იმ პირებისგან, რომლებსაც ამის უფლება არ აქვთ. სწორედ ეს გახდა სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ერთ-ერთი საფუძველი.
ეს არ არის დაუყოვნებლივი აღსრულება. ამასთან დაკავშირებით ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, აშკარა მცდელობაა საზოგადოების შეცდომაში შეყვანის. ჩვენ სასამართლოსთვის არ მიგვიმართავს დაუყოვნებლივი აღსრულების მოთხოვნით, ჩვენ პატივს ვცემთ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას. საკონსტიტუციო სასამართლომ შეაჩერა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის ნაწილის მოქმედება, რომელიც კრძალავდა განსაკუთრებულ შემთხვევებში გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებას, თუმცა სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, კერძოდ 271-ე მუხლი ითვალისწინებს, რომ შესაძლებელია, მოხდეს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა”, -განაცხადა სალიამ და დასძინა, რომ სწორედ აღნიშნული საპროცესო შესაძლებლობა გამოიყენა მისმა მხარემ.
“მივმართეთ სასამართლოს, რომ ტელეკომპანია მაქსიმალურად არიდებული იქნეს იმ მოვლენებს, რომელიც იგეგმებოდა და ცნობილი გახდა საზოგადოებისთვის”, – განმარტა ადვოკატმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები