ლია ჯახველაძემ მოსახლეობას 10 თვის განმავლობაში შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიში ჩააბარა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სიმბოლიკისა და სახელდების კომისიის თავმჯდომარემ , ქვემო სამგორის მაჟორიტარმა დეპუტატმა და ფრაქცია „თბილისელების“ წევრმა ლია ჯახველაძემ მოსახლეობას 10 თვის განმავლობაში შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიში ჩააბარა.
შეხვედრაზე დეპუტატმა თავდაპირველად სიმბოლიკისა და სახელდების კომისიის განვლილ საქმიანობაზე ისაუბრა და მოსახლეობას ჩატარებული სხდომებისა და განხილული საკითხების თაობაზე ინფორმაცია მიაწოდა. მისი ინფორმაციით, კომისიამ 2015 წლიდან რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი დაიწყო, მათ შორის გეოგრაფიული ობიექტების აღმნიშვნელი აბრების დიზაინის გამოსავლენი კონკურსი, ქუჩების უახლესი ცნობარის საკრებულოს ეგიდით გამოცემა, სახელდების წესის მიღება, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიურ ბიუროსთან თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება და სხვა.
დეპუტატმა ასევე კომისიის მიერ განხორციელებულ და ჩასატარებელ სამუშაოების თაობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კომისია აქტიურად მუშაობს რიგ უბნებში ქუჩათა შესაბამისი ქსელების მოწყობასა და ასევე მუნიციპალური ტრანსპორტის მარშრუტის აღმნიშვნელი დაფების განთავსების მიმართულებით. კომისიის წევრები აქიურად მუშაობენ გეოგრაფიული ობიექტების ძველი დასახელებების ახლით ჩანაცვლების სკითხებზე, ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების აღწერასა და შესაბამისი სტატუსების მინიჭებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებებზე.
დეპუტატის თქმით, სამწუხაროდ, ქალაქში დღემდე მნიშვნელოვან პრობლემად და გამოწვევად მთელი რიგი გეოგრაფიული ობიექტების საფოსტო ინდექსების მინიჭების საკითხი რჩება. კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, პრობლემის დროულად გადაჭრასთან დაკავშირებით კომისია აქტიურად თანამშრომლობს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ფოსტასთან. შეხვედრაზე ლია ჯახველაძემ საანგარიშო პირიოდში კომისიაში შემოსული განცხადებების თაობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ პერიოდში კომისიის წევრებმა 391 განცხადება განიხილეს, რომელთა შორის რეაგირება 258 განცხადებაზე მოხდა. 133 წერილზე კი ამ ეტაპზე ადმინისტრაციული საქმისწარმოება მიმდინარეობს და საკითხები საკრებულოს სხდომაზე გასატანად მზადდება. დეპუტატმა საზოგადოებას საკუთარ სამაჟორიტარო ოლქში განხორციელებულ პროექტებზე მოაწოდა ინფორმაცია და 2015 წლიდან დღემდე ქვემო სამგორის რაიონში გამგეობასთან ერთად შესრულებული სამუშაოები დეტალურად წარმოუდგინა. ლია ჯახველაძის თქმით, ბიუროს 2015 წლის იანვრიდან დახმარების მიზნით 2 257 მოქალაქემ მიმართა, რომელთაც შესაბამისის დახმარება გაეწიათ.
მოქალაქეთა პრობლემები, ძირითადად, დასაქმებას, მედიკამენტებით დახმარებას, სამედიცინო მომსახურებების დაფინანსებას, ავარიული შენობების რეაბილიტაციას, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული საკითხების გადაჭრას და სხვა სოციალური საკითხების მოგვარებას ეხება. მისივე თქმით აღნიშნული პრობლემების მოსაგვარებლად ბიურო აქტიურად თანამშრომლობს სამგორის რაიონის გამგეობასთან და დახმარება შესაძლებლობების ფარგლებში, არაერთ ადამიანს გაეწია.
დეპუტატმა ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემად რაიონში კომპაქტურად ჩასახლებული დევნილების საყოფაცხოვრებო პირობები დაასახელა.. მისი აქტიური შუამდგომლობით აქ მცხოვრები დევნილების დახმარება, შეძლებისდაგვარად, ეტაპობრივად მიმდინარეობს.
მაჟორიტარის განცხადებით, მუდმივ რეჟიმში იმართება სამუშაო შეხვედრები GWP-ის წარმომადგენლებთან, რათა ადგილზე გაეცნონ აფრიკის დასახლებაში ამ კუთხით არსებულ მდგომარეობას. მისივე თქმით, GWP-იმ რამდენიმე ქუჩის კანალიზაციისა და წყალგაყვანილობის პროექტი მოამზადა, რომელიც წლის ბოლოს განხორციელდება. შეხვედრაზე ლია ჯახველაძემ მოსახლეობას განუცხადა, რომ მის სამაჟორიტარო ოლქში ქალაქის სატრანსპორტო სამსახურის მხარდაჭერით ნაწილობრივ მოგვარდა მუნიციპალური ტრანსპორტის პრობლემა. ასევე დეპუტატის ინიციატივით გაკეთდა არაერთი სკვერი და კეთილმოეწყო სპორტული მოედნები. მაჟორიტარმა დეპუტატმა დამსწრე საზოგადოებას მის მიერ ინიცირებულ საკითხებზეც ესაუბრა, რომელიც გულისხმობს მოსკოვის გამზირზე, 5 კვარტალში და ჭიჭინაძის ქ. 1-ში საბავშვო ბაგა-ბაღების აშენებას, რომლის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, შეიქმნება აღსაზრდელთა 15-მდე ჯგუფი, მთლიანობაში კი ბაგა-ბაღი 500-მდე ბავშვისთვის სკოლამდელი განათლების მიცემას შეძლებს.
მისივე ინიციატივით, შეიქმნა სკოლის წარმატებულ მოსწავლეთა ,,სადისკუსიო კლუბი“,რომელიც სამაჟორიტარო ოლქში არსებული სკოლების წარჩინებული უფროსკლასელებისგან შედგება . დასასრულს, ლია ჯახველაძემ სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და განაცხადა , რომ მაქსიმალურად შეეცდება, 2016 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული იყოს მიმდინარე პროექტებისათვის აუცილებელი თანხები. შეხვედრას საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ახვლედიანი, ფრაქცია „თბილისელების “ თავმჯდომარე გიორგი მუსხელიშვილი , სამგორის რაიონის გამგეობის წარმომადგენლები და ადგილობრივი მოსახლეობა ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები