თავდაცვისა და უსაფრთხოების ფორუმის მეორე დღე ჰიბრიდული ომის თემის განხილვით დაიწყო

თავდაცვისა და უსაფრთხოების ფორუმის მეორე დღე პანელით: „ჰიბრიდული ომი და მისი გავლენა ნატოს წევრ და პარტნიორ ქვეყნებზე” დაიწყო.
ფორუმზე მომხსენებლები იყვნენ: საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი ომარ ბეგოიძე, ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, პოლიტიკური დირექტორი ივან ჟესტრაბი, ატლანტიკური საბჭოს მკვლევარი არიელ კოენი, ნატოს ტრანსფორმაციის სარდლობის სტრატეგიული დაგეგმვისა და პოლიტიკის შტაბის უფროსის ყოფილი მოადგილე, გადამდგარი ბრიგადის გენერალი მეთ ბრანდი და ჰადსონის ინსტიტუტის დირექტორი და მკვლევარი რიჩარდ ვაიცი. სესიას ოლბრაით სტოუნბრიჯის ჯგუფის ვიცე-თავმჯდომარე ჯეიმს ო’ბრაიენი ხელმძღვანელობდა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პოლკოვნიკმა ომარ ბეგოიძემ საქართველოში რუსეთის მხრიდან ჰიბრიდული ომის გავლენაზე გაამახვილა ყურადღება. მან მაგალითისთვის 2008 წლის აგვისტოს ომი მოიყვანა და აღნიშნა, რომ ამ კონფლიქტში ჰიბრიდულ ომს უდიდესი როლი ჰქონდა; რუსეთმა მეთოდები საქართველოსთან დახვეწა და შემდეგ უფრო ეფექტურად უკრაინაში გამოიყენა; სწორედ რუსეთის აგრესია უკრაინაში, აფხაზეთსა და სამაჩაბლოში ჰიბრიდული ომის ნათელი მაგალითებია. სიტყვით გამოსვლისას პოლკოვნიკმა ომარ ბეგოიძემ ჰიბრიდული ომის წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებების შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, ეფექტური და მრავალმხრივი ნაბიჯებია გადასადგმელი, რომლის ერთ-ერთი მეთოდი უწყებათშორისი კოორდინაციაა. ამ მიზნით, საქართველოს შეიარაღებული ძალების ორგანიზებით ინტენსიურად იმართება ერთობლივი სამხედრო სწავლებები.
დოქტორ არიელ კოენმა დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საქართველოს ჰიბრიდული ომის მსხვერპლი უწოდა და მასთან ბრძოლის გზებზე ისაუბრა.
„ჰიბრიდული ომის საფრთხე ისტორიული გამოწვევაა, რომელიც ათასობით წელია არსებობს, როდესაც ხშირ შემთხვევაში დაძაბულობა სრულმასშტაბიან ომში არ გადაიზრდება. საჭიროა ვისწავლოთ, თუ როგორ გავუმკლავდეთ მსგავს კრიზისებს. ეს არის გამოწვევა, რომელიც არა მხოლოდ თავდაცვის სამინისტროსა და შეირაღებული ძალების წინაშე დგას, არამედ მოიცავს მთელ საზოგადოებას – პოლიციას, უსაფრთხოების სამსახურს, ეკონომიკურ მარეგულირებლებსა და აქტორებს. მნიშვნელოვანია, რომ ყველა, გადაწყვეტილების მიმღები თუ ოფიციალური პირები, ოფიცრები იყვნენ კარგად ინფორმირებული და არსებობდეს უწყებათაშორისი კოორდინაცია. ფინანსთა სამინისტრო, იუსტიციის სამინისტრო, პოლიცია და უსაფრთხოების სამსახური შეიარაღებულ ძალებთან ერთად უნდა შეებრძოლონ ამ საფრთხეს. საჭიროა კარგად გვესმოდეს, რომ ეს არის მრავალმხრივი საფრთხე და უნდა შევიმუშაოთ მასთან ბრძოლის პროცედურები. საჭიროა საზოგადოება იყოს ინფორმირებული, რათა კარგად ესმოდეს, რომ მთავრობა მას და მის უფლებებს არ ზღუდავს. ამ გამოწვევის დამარცხება შესაძლებელია ძლიერი, ღია და თავისუფალი საზოგადოების მეშვეობით, რომელსაც შესწევს უნარი დაიცვას საკუთარი თავი”, – განაცხადა არიელ კოენმა.
ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ივან ჟესტრაბმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ჰიბრიდული ომის დროს მთავარი უპირატესობა თავდამსხმელს აქვს, რადგან მოულოდნელობის ეფექტი დიდია, ხოლო საზღვრები – მოშლილი. ივან ჟესტრაბმა განვითარებული და განვითარებადი ქვეყნების მაგალითებით ჰიბრიდული ომის გავლენაზეც გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, ამ საფრთხეს ძლიერი ქვეყნის ჩამონგრევაც კი შეუძლია; ხოლო კორუმპირებული, არაეფექტური და კონფლიქტში მყოფი საზოგადოება ამ ომის წარმატებით წარმართვისთვის იდეალური ადგილია.
უწყების ცნობით, თავდაცვისა და უსაფრთხოების ფორუმი დღის ბოლომდე გაგრძელდება. კონფერენციაზე განხილულ თემებსა და მნიშვნელოვან აქცენტებს თავდაცვის მინისტრი და ფორუმის სხვა ორგანიზატორები შეაჯამებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები