“მე ქიბარ ხალვაშისგან ჯერჯერობით მოსათხოვი არაფერი მაქვს“
ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ერთ-ერთი დამფუძნებლის, დავით დვალის განცხადებით, მას კომპენსაციის მიღებას სამართლიანობის აღდგენა ურჩევნია და, აქედან გამომდინარე, ბოლომდე იბრძოლებს.
დვალი “ნეტგაზეთთან” იმ გარემოებებზე საუბრობს, რის გამოც, მან და ჯარჯი აქიმიძემ (“რუსთავი 2”-ის კიდევ ერთი დამფუძნებელი) 2004 წელს ტელეკომპანიის წილის 60% დათმეს. მისი თქმით, წარმატებას უსურვებს ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს, მაგრამ მისთვის და ჯარჯი აქიმიძისთვის ეს სამართლიანობის აღდგენის პირველი ეტაპია, დასაწყისია მხოლოდ და არა – ზეიმი.
“მე ქიბარისგან ჯერჯერობით მოსათხოვი არაფერი მაქვს, თუ რამე წინადადება იქნება, მერე ვილაპარაკოთ. მე თვითონ არ მივალ და არ ვეტყვი, ქიბარ, შენ უკვე დაიბრუნე და ახლა მეც დამიბრუნე-მეთქი. თვითონ რას შემომთავაზებს, იმის მიხედვით ვილაპარაკებთ. მე სამართლიანობის აღდგენა მირჩევნია კომპენსაციებს. აქედან გამომდინარე, ვიძახი, რომ მე ბოლომდე მივაწვები. მირჩევნია სადმე, რომელიმე სასამართლოში ბოლოს დაიწეროს, რომ აი, ამათ უსამართლოდ ჩამოართვეს და ეს იყო ძალადობა. ეს მირჩევნია იმას, რომ ვიღაცამ რაღაც კომპენსაცია მომცეს”, – აცხადებს დვალი.
კითხვაზე, უნდა გადადგას თუ არა მსგავსი ნაბიჯი ხალვაშმა ეროსი კიწმარიშვილის ოჯახთან მიმართებაშიც, დვალი აცხადებს, რომ ეს ალბათ, უფრო ეროსის ოჯახის და ქიბარის გადასაწყვეტია.
“მე რაც თქვენს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინტერვიუში ვნახე, მგონი, მისმა ადვოკატმა იგივე მზადყოფნის შესახებ განაცხადა, თუმცა, არ ვიცი, ეგ თემა ცოტა სხვანაირადაა. ეგ, ალბათ, უფრო ეროსის ოჯახის და ქიბარის გადასაწყვეტია. მანდ, თუ არ ვცდები, გარკვეული ფინანსური ანგარიშსწორების თემაც იყო, რომელიც თავის დროზე მოხდა. ჩემთვის ეგ თემა უცნობია. მთელი ამ წლების განმავლობაში ვინც ერთად ვიყავით და ვჩიოდით, მე და ჯარჯი ვიყავით. მე ვამბობ, რომ ჩვენ ვიყავით ერთნი, ყველა სხვა დამოუკიდებლად მოქმედებდა. ჩვენ არავისთან გვქონია კოორდინაცია. მე მხოლოდ ჩემი და ჯარჯის სახელით ლაპარაკი შემიძლია”, – აცხადებს დვალი.