დავით დვალი: ვიცი, რომ ივანიშვილი ჩემზე ძალიან გაბრაზებული იყო

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი დავით დვალი ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას იხსენებს. დავით დვალმა “ნეტგაზეთთან” იმ გარემოებებზე ისაუბრა, რის გამოც მან და ჯარჯი აქიმიძემ (“რუსთავი 2”-ის კიდევ ერთი დამფუძნებელი) 2004 წელს ტელეკომპანიის წილის 60% დათმეს.
“ივანიშვილთან შეხვედრა 2011 წლის ბოლოს ან 2012 წელს მქონდა. საბოლოო ჯამში, ჩვენ შორის რამდენიმე შეხვედრა შედგა. მისგან მივიღე წინადადება, რომ მე-9 არხს სათავეში ჩავდგომოდი… საკმაოდ რთული საუბრები იყო. შემდეგ გერმანიაში ვიყავი სამკურნალოდ. როცა ჩამოვედი, საუბრები გაგრძელდა, მაგრამ არავითარი შედეგი არ მოუტანია. ჩავთვალოთ, რომ ვერ შევთანხმდით. არ დაემთხვა ხედვები და საკმაოდ ცუდად დავშორდით. დეტალებზე არ ვისაუბროთ. ერთნაირი ხედვები არ გვქონია. მე ვიცი, რომ ძალიან გაბრაზებული იყო. არანაირი კონტაქტი აღარ მქონია მას შემდეგ. ქიბარმა მითხრა, რომ შეხვდა დიუსელდორფში. გავიგე, რომ ჩამოდიოდა და ჩავედიო. მითხრა, რომ გაცნობითი შეხვედრა ჰქონდა, ხოლო “რუსთავი 2″-თან დაკავშირებით არაფერი უხსენებია”, – იხსენებს დვალი.
მისი თქმით, ეჭვი, რა თქმა უნდა, შეიძლება იყოს, რომ ივანიშვილს ხალვაშისა და დამფუძნებლის მორიგება უნდა.
“მე არაფერი ხელმოსაჭიდი არ მაქვს იმის სათქმელად, რომ ბიძინა ივანიშვილი იმაზე ზრუნავს, “რუსთავი 2″ დათო დვალს დაუბრუნდესო. ამაზე არაფერი მიანიშნებს. ქიბარის ადვოკატმა განაცხადა, მზად არის ჩვენი ინტერესი გაითვალისწინოს და ასე შემდეგ. ამის იქით არაფერი მსმენია. ამ ადამიანთან არანაირი კონტაქტი აღარ მქონია. არ ვიცი, ბრაზმა გაუარა და გამოუკეთდა თუ არა ჩემ მიმართ დამოკიდებულება. მე მართლა შემიძლია დავადასტურო ის, რაც ივანიშვილმა თვითონ თქვა ინტერვიუში, რომ ჩემს ძმას [გია დვალს] არასდროს ამ თემაზე არ უსაუბრია. არასდროს შეხებია ამ თემას… არც მე მქონია ინიციატივა, რომ რამე მეკითხა”, – აცხადებს დვალი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები