დავით უსუფაშვილი: ჩვენი ინტერესია, უთანხმოება დებატებისა და არგუმენტების ჭიდილში მოგვარდეს
“ჩვენი ინტერესია, პროცესები იყოს კონსტიტუციის ფარგლებში, უთანხმოება დებატებისა და არგუმენტების ჭიდილში მოგვარდეს და არა რაიმე სხვაში”,- ამის შესახებ განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა და “ნაციონალური მოძრაობის” წევრებს კოლეგების მხრიდან გაკეთებული ყველა გამონათქვამის გაცნობას დაჰპირდა.
ამასთან, უსუფაშვილმა ოპოზიციას მიმართა, თავადაც ყურადღებით გაეცნონ მათი პოლიტიკური ლიდერის განცხადებებს.
“ყველანი გავეცნოთ ჩვენ ჩვენი ლიდერების განცხადებებს, მოწოდებებს, მიდგომებს, პოზიციებს – წესრიგის, მშვიდობის, საზოგადოებრივი თანხმობის შესახებ. შეიძლება ასე უკეთ წავიყვანოთ წინ საქმე, რადგან ჩვენი ინტერესია პროცესები იყოს კონსტიტუციის ფარგლებში, უთანხმობა დებატებისა და არგუმენტების ჭიდილში მოგვარდეს და არა რაიმე სხვაში. ერთმანეთის კრიტიკა უფრო ადვილია, ვიდრე საკუთარი თავის შეხედვა. პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს ისიც განაცხადა, რომ არანაირი ძალადობა არ შეიძლება იყოს წახალისებული და არ არის წახალისებული, ხოლო თუკი სადმე რაიმე ხდება, ამას სათანადო სამსახურებმა უნდა მიაქციონ ყურადღება“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.