„რუსეთს ბევრად ძლიერი ხელისუფალი და მიზანმიმართული მთავრობა ჰყავს“

  მოძრაობა „ეროვნულების“ ლიდერი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ყირიმში ჩატარებულ რეფერენდუმს ეხმაურება. სანდრო ბრეგაძის განცხადებით, რეფერენდუმის შედეგით, უკრაინამ საბოოლოდ დაკარგა ყირიმის ნახევარკუნძული. მისი თქმით, ამ ფაქტით დასავლეთმა და აშშ-მა სამწუხარო და უმნიშვნელოვანესი მარცხი მიიღო. მოძრაობა „ეროვნულების“ ლიდერს მიაჩნია, რომ რუსეთის დღევანდელ ხელისუფლებას ბევრად ძლიერი ხელისუფალი და მიზანმიმართული მთავრობა ჰყავს, ვიდრე 90-იანი წლების რუსეთს. სანდრო ბრეგაძის განცხადებით, ვლადიმერ პუტინმა უკრაინა დაშალა.
„ყირიმში რეფერენდუმი ჩატარდა და დამთავრდა იმ შედეგით, რაც მოსალოდნელი იყო, ალბათ, არავის ეპარებოდა ეჭვი, რომ ყირიმის მოსახლეობა, რომლის აბსოლუტური უმრავლესობა ეთნიკურად რუსია, ხმას რუსეთთან შეერთებას მისცემდა. დიახ! გუშინ უკრაინამ ფაქტობრივად საბოლოოდ დაკარგა ყირიმის ნახევარკუნძული,რომელიც შავი ზღვის მარგალიტად იწოდება.უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა დაირღვა ,მაგრამ უმთავრესი სხვა ფაქტორია – გუშინ დასავლეთმა, ამერიკამ, ევროპამ სამწუხარო და უმნიშვნელოვანესი მარცხი იწვნია, მარცხი, რომელიც აღმოსავლეთ ევროპის რუკის შეცვლის საწინდარი გახდება და ეს ცვლილება უცილობლად რუსეთის სასარგებლოდ შემობრუნდება.
დიახ! გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას,რომ დასავლეთმა გეოპოლიტიკური ომის უმნიშვნელოვანესი ბრძოლა წააგო,რითაც საფუძველი ჩაეყარა საბჭოთა კავშირის მსგავსი პოლიტიკურ-ეკონომიკური ერთობის ჩამოყალიბებას. მაგრამ ეს ბრძოლა დასავლეთმა გუშინ არ წააგო, ეს ბრძოლა ჯერ კიდევ 1992 წელს იქნა წაგებული და წაგების მთავარი “შემოქმედი” ჯორჯ ბუშ-უფროსია, ჩემის აზრით, ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე სუსტი პრეზიდენტი,რომელმაც ვერ შეძლო ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი პრეზიდენტის რონალდ რეიგანის გზის გაგრძელება და თავისი გაუაზრებელი ნაბიჯებით საფუძველი ჩაუყარა დამარცხებული, დაშლილი საბჭოთა იმპერიის რეინკარნაციას.
1991 წლის აგვისტოში ჯორჯ ბუშმა კიევში წარმოთქვა სიტყვა, რომელსაც კიევური კოტლეტი უწოდეს და ეს სიტყვა მომაკვდავი საბჭოთა იმპერიისთვის ერთადერთი უებარი საშუალება გახლდათ, რათა მას აღდგენის,რეინკარნაციის საშუალება მისცემოდა.მაშინ ამერიკის მაშინდელმა პრეზიდენტმა ღიად განუცხადა თავისუფლების გზაზე შემდგარ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს,რომ მისი იმედი ნუ ექნებოდათ და ჯობდა ისევ საბჭოეთის სივრცეში დარჩენილიყვნენ. რაოდენ გასაოცრადაც არ უნდა ჟღერდეს, სწორედ 1992 წელს საქართველოში რუსეთის მიერ კანონიერი ხელისუფლების დამხობის გამოძახილია ის, რაც დღეს უკრაინაში ხდება. დიახ! მაშინ, დღეს უკვე შორეულ 1992 წელს პრეზიდენტმა ბუშმა მიატოვა თავისუფლებისთვის მებრძოლი ახალგაზრდა ქართული სახელმწიფო, პირისპირ დატოვა ის უზარმაზარ სამხედრო ძალასთან და, ფაქტობრივად, სასიკვდილოდ გაწირა ახალგაზრდა ქართული დემოკრატია.იმის მაგივრად, რომ ღია მხარდაჭერა გამოეცხადებინა საქართველოს დემოკრატიული-დისიდენტური-ანტისაბჭოთა მთავრობისთვის,იმის მაგივრად, რომ მორალურად-სამხედრო კუთხით-ფინანსურად დახმარებოდა საბჭოთა იმპერიალიზმთან მებრძოლი საქართველოს პრეზიდენტს, მან მდინარის წინააღმდეგ მოცურავე უწოდა მას და ამით მწვანე აუნთო საბჭოთა აგრესიას საქართველოში. მაშინ, როდესაც დაშლილ საბჭოთა კავშირს მართავდა არაადეკვატური, სუსტი, გალოთებული ელცინი, როდესაც რუსეთის ფინანსებს განკარგავდა ბერეზოვსკი (რომელსაც სულ არ ანაღვლებდა რუსეთი), როდესაც საბჭოთა გენერლები 10000 დოლარად მზად იყვნენ, გაეყიდათ ნაწილების სამხედრო ტექნიკა,როდესაც ჯარი დემორალიზებული, მშიერი და არაბრძოლისუნარიანი იყო, როდესაც სრული ქაოსი სუფევდა საბჭოთა იმპერიის ხელმძღვანელობაში, როდესაც დასავლეთი, რასაც სურდა, იმას აკეთებინებდა გორბაჩოვისა და ელცინის ხელისუფლებებს,სწორედ მაშინ საქართველომ დახმარების ხელის ნაცვლად ხელისკვრა მიიღო მაშინდელ პრეზიდენტ ბუშისგან. ამას მოყვა აფხაზეთის ოკუპაცია, თვალნათელია, რომ სულ მცირე მხარდაჭერა რომ ჰქონოდა ქართველებს დასავლეთის მხრიდან ჩვენი გამარჯვება გარდაუვალი იყო. აფხაზეთშიც პირისპირ დაგვტოვეს, ხელი არ გაანძრიეს და ფაქტობრივად გაგვწირეს.
დიახ, გაგვწირეს, არადა, მაშინ საქართველოსათვის აფხაზეთის შენარჩუნებას მაშინდელი ამერიკის ადმინისტრაციის სულ მცირე ძალისხმევა სჭირდებოდა, ძალისხმევა რომელიც ვერ ვნახეთ და რომელმაც გადაარჩინა იმპერიალისტური მისწრაფებანი,მისწრაფებანი, რომელმაც ფრთები გაშალა და რომელმაც ჯერ ჩვენთან 2008 წლის აგვისტოში იჩინა თავი, ხოლო დღეს კი ფაქტობრივად დაშალა ევროპის ერთ-ერთი უდიდესი სახელმწიფო უკრაინა. დიახ! დღეს რუსეთს ბევრად ძლიერი ხელისუფალი ჰყავს, ვლადიმერ პუტინის სიძლიერის შედარება ელცინთან არც შეიძლება,დღეს რუსეთს მიზანმიმართული მთავრობა ჰყავს, რომელმაც იცის თუ რას აკეთებს, ფინანსურად დღევანდელი რუსეთი ბევრად ძლიერია და ა.შ. მოგვწონს თუ არ მოგვწონს, უნდა ვაღიაროთ, რომ დღევანდელი რუსეთი სერიოზული ფაქტორია მსოფლიო პოლიტიკაში და რასაც დღეს ვხედავთ, ყოველივე ამის დადასტურებაა.
დასავლეთი ბრძოლას ბრძოლაზე აგებს რუსეთთან და ყოველივე ეს სწორედ იმ 1991-92 წლების შედეგია, როდესაც საქართველო გაწირეს და 20 – წლიანი ქაოსი, უბედურება თუ ძირძველი ტერიტორიების დაკარგვა არგუნეს ბედად.1992 წელს საქართველოს გადარჩენა იმპერიალიზმის საბოლოო დამარცხების ტოლფასი გახლდათ და ეს რომ მოხდარიყო არც სამაჩაბლო, არც დნესპრისპირეთი, არც ყარაბახი, არც აფხაზეთი და არც დღევანდელი ყირიმის მოვლენები არ იქნებოდა!“- წერს სანდრო ბრეგაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

10148722_721000177922478_35231533_o

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები