ნიკა გვარამია: თავისუფლად ვერ ვმუშაობთ
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისგან განმარტებებს ითხოვს, თუ რატომ ამონტაჟებენ „რუსთავი 2“-ის შენობასთან სათვალთვალო კამერებს. ამის შესახებ გვარამიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
“გვინდოდა რამდენიმე სიტყვით მთელი კოლექტივის სახელით მივმართოთ ხელისუფლებას. კერძოდ, შსს-ს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს. სამწუხაროდ აქამდე არავითარი ახსნა-განმარტება არ გაუკეთებიათ იმასთან დაკავშირებით, რატომ არის “რუსთავი 2″-თან დამონტაჟებული ამდენი სათვალთვალო კამერა, გარდა ზოგადი განცხადებისა, რომ ეს კამერები უნდა დამონტაჟებულიყო უსაფრთხოებიდან გამომდინარე. არ მიგვიღია არავითარი ახსნა-განმარტება. შევახსენებ ყველას, რომ ეს არის მედიადაწესებულება. აქ შემომსვლელ-გამსვლელთა დაცვის ინტერესი არის ძალიან მაღალი, იმიტომ, რომ აქ შესაძლებელია მიმდინარეობდეს იმგვარი შეხვედრები, რომელიც კონფიდენციალურობას საჭიროებს, რაც არ ნიშნავს, იმას, რომ შეუძლებელია საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე აქ სათვალთვალო ვიდეომაკერების დამონტაჟება. თუმცა დანამდვილებით ნიშნავს იმას, რომ თუ ასეთი რამ ხდება, ეს უნდა იყოს კრიტიკული ინტერესედან გამომდინარე, თან უნდა ემსახურებოდეს მედიის თავისუფალი მუშაობის ინტერესს. ჩვენ დღეს თავისუფლად ვერ ვმუშაობთ. არ არის ჩვენთვის დაუძლეველი ეს, თუმცა თუ არ ვიღებთ არანაირ განმარტებას, რა თქმა უნდა ჩნდება იმის ეჭვი, რომ ეს ყველაფერი მიმართულია ჩვენს წინააღმდეგ, ჩვენი გადაადგილების საკონტროლებლად, ჩვენთან შემოსული ადამიანების აღსარიცხავად, და შესაძლოა, მათზე ზეწოლის მოსახდენად. მოვუწოდებთ ორივე სამსახურს, თუნდაც არა საჯარო ვითარებაში, მოხდეს ახსნა-განმარტებების გაკეთება ჩვენი კომპანიისთვის. იმ შემთხვევაში, თუ აქ მოსვლაა პრობლემა, მზად ვართ ნებისმიერ ადგილსა და დროს გამოვცხადდეთ არა მხოლოდ მე, ჟურნალისტებიც. წინააღმდეგ შემთხვევაში, აღნიშნულ შემთხვევას განვიხილავთ როგორც უფლებამოსილების გადამეტებას და არალეგიტიმურ საქციელს”, – განაცხადა გვარამიამ.