გიორგი აბდალაძე: „რუსთავი 2″-ის ჟურნალისტებს ემუქრებოდნენ
„რუსთავი 2″- ის ჟურნალისტებს ემუქრებოდნენ – ამის შესახებ ფოტორეპორტიორი გიორგი აბდალაძე გაზეთ “კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში აცხადებს.
აბდალაძის თქმით, როდესაც ის და რამდენიმე პირი ე.წ. ფოტორეპორტიორების საქმეზე იყვნენ დაკავებულები, ტელეკომპანიის ჟურნალისტები მათ მხარდაჭერას ვერ უცხადებდნენ, რადგან მათ ემუქრებოდნენ არა მხოლოდ სამსახურიდან გათავისუფლებით, არამედ დაკავებით და ოჯახის წევრებზე ძალადობით.
“წლების განმავლობაში “რუსთავი 2” მხოლოდ ერთი პიროვნების ინტერესებს ემსახურებოდა. არ მაქვს ილუზია, რომ გვარამია მომავალში გამოსწორდება. ეს ის ადამიანია, რომელსაც ხალხის განცდა არასოდეს ადარდებდა და “მოდელირებული ქრონიკაც” სწორედ ამიტომ შექმნა. როდესაც ე.წ. ფოტორეპორტიორების საქმეზე დაგვაკავეს, ტელევიზიის ჟურნალისტები შიშით ვერ გამოდიოდნენ ჩვენს მხარდასაჭერად, ემუქრებოდნენ არა მხოლოდ სამსახურიდან გათავისუფლებით, არამედ დაკავებით და ოჯახის წევრებზე ძალადობით.
სხვათა შორის, “რუსთავი 2”-ში არაერთი მეგობარი მყავს, რომლებსაც ერთი ადამიანის ბრძანებებზე სიარული დიდი ხანია მობეზრდათ…
გვარამია შეშინებულია, რომ მფლობელის შეცვლის შემდეგ ტელეკომპანიაში ფინანსური მაქინაციებიც გამოაშკარავდება!“,- აცხადებს აბდალაძე.