“ოპოზიციურ პარტიებს შევახსენებ, პირველად საქართველოს ისტორიაში “გაზპრომის“ ფილიალი 2005 წელს დაფუძნდა”

ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი, დავით მირცხულავა „SOCAR Georgia“-ს გენერალური დირექტორის მაჰირ მამედოვის განცხადებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, განცხადებაში საუბარია საქართველოს მოსახლეობისთვის საჭირო რაოდენობის ბუნებრივ აირზე და არა კომერციულ სტრუქტურებზე.
„SOCAR Georgia“-ს გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ თითქმის აკმაყოფილებს ბუნებრივი აირით საქართველოს მოსახლეობას, საუბარი კი კომერციულ სტრუქტურებზეა. იმაზე, რომ მოსახლეობას სრულად აკმაყოფილებს ორი აზრი არაა, მაგრამ არის სარისკო, რომ გაზრდილი მოთხივნილების პირობებში აზერბაიჯანიდან მიღებული გაზი არ ეყოს კომერციულ მომხმარებელს, ესაა დაახლოებით 10%. მოსახლეობისთვის ესაა 2002 წელს გაფორმებული ხელშეკრულებით ნახევარი მილიარდი კუბური მეტრი, რომელსაც სპეციალურ ფასად იღებს საქართველო. კახა კალაძე მოლაპარაკებებს აწარმოებდა „გაზპრომთან“, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია გაზის გატარებასთან, ტრანზიტთან დაკავშირებით. მოხმარება მარტო მოსახლეობა და ენერგეტიკა არაა, ამის გარდა არის უამრავი პატარა და დიდი საწარმო, რომელსაც აუცილებლად სჭირდება ფუნქციონირებისთვის ბუნებრივი აირი, სწორედ ამაზეა საუბარი. ვიმეორებ, საუბარია 10-15%-ზე გაზის კომერციულ ნაწილზე, სადაც შესაძლოა, აზერბაიჯანს პრობლემა შეექმნას მოცულობების მოწოდებაში. აზერბაიჯანში გასულ წელს მეთანილის ქარხანა გაიხსნა, რომელმაც თვითონ დადო ხელშეკრულება რუსეთთან გაზის 2 მილიარდი მოცულობის მოწოდებაზე. კომერციულ ნაწილში რომელიმე კომპანია თუ კონკურენტულ ფასად იყიდის „გაზპრომიდან“ გაზსს, ეს მოცულობაც მხოლოდ 10-15% იქნება. საქართველოში არის კომერციული კომპანიები, რომელნიც კომერციულ გაზს ყიდულობენ, რაც საკამაოდ ძვირია“, – განაცხადა მირცხულავამ.
მისი თქმით, რაც უფრო მეტი წყაროა ბუნებრივი აირის მოწოდების, მით უფრო უკეთესია ქვეყნისთვის.„თეორიულადაც ბუნებრივია, რომ წყაროები როცაქ არის მრავალი, ეს კარგია ქვეყნის ენეგოუსაფრთოებისთის, ასევე გასათვალისწინებელია ჩვენი წინა ისტორია რუსეთიდან მოწოდებულ გაზზე, ჩვენ უამრავი პრობლემა გვქონდა, თუმცა დღეს როცა საუბარია კომერციულ გაზზე ეს ვერანაირ პრობლემას ვერ შეგვიქმნის. თეორიულად, რაც უფრო მეტი მომწოდებელი ჰყავს ქვეყანას და მოწოდება დივერსიფიცირებულია, ეს ბუნებრივია ენერგოუსაფრთხოებისთვის ძალიან კარგია, მაგრამ ჩვენ გვახსოვს რუსეთიდან პრობლემური მოწოდებები და აქედან გამომდინარე გვაქვს შიში. შესაძლოა, არცერთმა კომპანიამ არ იყიდოს, რადგან ფასი მიუღებელი და არაკონკურენტუნარიანი იყოს საქართველოს ბაზარზე“, – განაცხადა მირცხულავამ.
ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი აცხადებს, რომ აზერბაიჯანული გაზის რუსულით ჩანაცვლება გამორიცხულია, რადგან საქართველოსთვის ბუნებრივი აირის ყველაზე დიდი მომწოდებელი აზერბაიჯანია.
„საქართველო მონაწილეა იმ პროექტების, რომელიც 90-იანი წლების მეორე ნახევარში დაიწყო. საქართველოს აგრძელებს „შაჰდენიზის“ მეორე ფაზაში მონაწილეობას. ჩვენთვის გაზის მოწოდებაში ყველაზე დიდი პარტნიორი არის აზერბაიჯანი, ჩვენ ამ პროექტის მონაწილე ვართ. საუბარი იმაზე, რომ ჩვენ რუსულ გაზზე გადავალთ გამორიცხულია. კომპანიებს კანონითაც ვერავინ აუკრძალავს თუ „გაზპრომმა“ მისცა კონკურენტულ ფასში ბუნებრივი აირი ბუნებრივია, იყიდიან რადგან კომერციული გაზი საქართველოში ძვირი ღირს. მე მინდა შევახსენო ოპოზიციურ პარტიებს, პირველად საქართველოს ისტორიაში „გაზპრომის“ ფილიალი დაფუძნდა 2005 წელს, რომელიც რამდენიმე წელი ფუნქციონირებდა. იმ პერიოდში ჩვენ გაზი აზერბაიჯანიდან არ გვქონდა. ევროპაში და ბალტიისპირეთის ქვეყნებში დაიკლო ბუნებრივი აირის ფასმა, ასეთი ფასი შესაძლებელია საქართველოშიც იქნას მისაღები გაზგასამართი სადგურებისთის, რომელიც ფართოდაა საქართველოში, თუმცა კომერციული გაზის მთლიანი მოცულობა 10%-ს არ აღემატება. ეს პატარა სეგმენტია და ამან ასეთი ვნებათაღელვა არ უნდა გამოიწვიოს“, – განაცხადა მირცხულავამ.
ცნობისთვის, „SOCAR Georgia“-ს გენერალურმა დირექტორმა მაჰირ მამედოვმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანს შეუძლია და თითქმის სრულად აკმაყოფილებს საქართველოს მოსახლეობისთვის საჭირო რაოდენობის გაზის მიწოდებას.
როგორც მაჰირ მამედოვმა გამოცემასთან ინტერვიუში აღნიშნა, რეალობა ის არის, რომ საქართველოში ყოველდღიურად 5 მილიონი კუბური მეტრი გაზი, პლუს „შაჰდენიზის“ კიდევ 1 მილიონი კუბური მეტრი შემოდის. საქართველოს მოსახლეობის მოხმარებული რაოდენობა კი, დღეში 6.2 მილიონ კუბურ მეტრს შეადგენს.
აზერბაიჯანული ინტერნეტგამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში, „სოკარის“ დირექტორი ამ განცხადებით საქართველოს ენერგეტიკის მინისტრ კახი კალაძის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, საქართველოში ყოველწლიურად იზრდება მოხმარებული გაზის რაოდენობა, რისთვისაც აზერბაიჯანული მხარის მიერ მოწოდებული რაოდენობა, საკმარისი არ არის და სწორედ ამიტომ აწარმოებს „გაზპრომთან“ მოლაპარაკებებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები