შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსა და საქართველოს მთამსვლელთა გაერთიანებულ ფედერაციას შორის მემორანდუმი გაფორმდა
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსა და საქართველოს მთამსვლელთა გაერთიანებულ ფედერაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორმა ზვიად ქაწაშვილმა და საქართველოს მთამსვლელთა გაერთიანებული ფედერაციის პრეზიდენტმა – ავთანდილ ცინცაძემ განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოში მოაწერეს ხელი.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, აღნიშნული მემორანდუმის მიზანს წარმოადგენს საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ლაშქრობის, ექსპედიციის ან მწვერვალზე ასვლის პერიოდში ფედერაციის წევრებისთვის სააგენტოს მიერ გადაუდებელი სამაშველო დახმარების აღმოჩენა. მემორანდუმის ფარგლებში, ფედერაცია გამოხატავს კეთილ ნებას, დაეხმაროს სააგენტოს სამთო-სამაშველო საქმიანობაში, მიიღოს მონაწილეობა სხვადასხვა ვარჯიშსა და ექსპედიციაში, მიაწოდოს სააგენტოს ინფორმაცია ახალი ტურისტული თუ სამთამსვლელო მარშრუტების ცვლილებების შესახებ, გაუზიარონ ერთმანეთს გამოცდილება სამთო-სამაშველო ოპერაციების ჩატარების, ახალი აღჭურვილობის, ტექნიკისა და მისი გამოყენების მნიშვნელობაზე. მემორანდუმით გათვალისწინებული ურთიერთთანამშრომლობა გააუმჯობესებს საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ხარისხს.