„ასოცირების შესახებ შეთანხმების წარმატებით განხორციელება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია“

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე საქართველოს პარლამენტში ევროპასთან ინტეგრაციისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მოხსენებით წარდგა.
სახელმწიფო მინისტრმა სამთავრობო პროგრამის -„ძლიერი, დემოკრატიული, ერთიანი საქართველოსთვის” განხილვის ფარგლებში დეპუტატებს, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის კუთხით სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ ანგარიში და სამომავლო გეგმები წარუდგინა.
დავით ბაქრაძემ ვრცლად ისაუბრა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების 2015 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიშზე.
დავით ბაქრაძემ მთავრობის მიერ ამ მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე, მიმდინარე სამუშაოებსა და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების დინამიკაზე გაამახვილა ყურადღება.
„ასოცირების შესახებ შეთანხმების წარმატებით განხორციელება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. შემუშავდა ასოცირების შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის 2014-2015 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმები. ასევე, ამ გეგმების შესრულებისა და, ზოგადად, ევროინტეგრაციის კუთხით განხორციელებული საქმიანობის ანგარიში, რომელიც მოცულობითი დოკუმენტია. მომზადდა 2015 წლის 9 თვის განმავლობაში განხორციელებული მნიშვნელოვანი მიღწევების შესახებ ანგარიში, რომელსაც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის სამთავრობო კომისიაზე მოისმენენ”, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.
როგორც დავით ბაქრაძემ აღნიშნა, სახელმწიფო მინისტრის აპარატი ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების მონიტორინგის კუთხით აქტიურად თანამშრომლობს როგორც სახელმწიფო უწყებებთან, ასევე, არასამთავრობო სექტორთან. არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად უკვე დაწყებულია 2016 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავება.
„ჩვენი მიზანია თვისობრივად ახალ დონეზე ავიყვანოთ დაგეგმვის პროცესი. გეგმის ფორმატი გაფართოვდება და დაემატება შედეგები და ინდიკატორები, რაც გეგმის შესრულების ეფექტიანი მონიტორინგისა და შესაბამისი აქტივობის განხორციელების პროგრესის შეფასების შესაძლებლობას მოგვცემს”, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.
მისივე ინფორმაციით, უწყებებთან კომუნიკაციის გამარტივებისა და სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგის გაუმჯობესების მიზნით, მიმდინარეობს ინფორმაციის მართვის ელექტრონული პროგრამისა და შესაბამისი ინტერნეტპორტალის შექმნა. სხვადასხვა უწყებასთან მიმდინარეობს მუშაობა ასოცირების შეთანხმების განხორციელების გრძელვადიანი პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავებაზე.
„როგორც ჩემთვის ცნობილია, პარლამენტი აპირებს ცალკეული მიმართულებებით განხორციელებულ რეფორმებზე განხილვის გამართვას. მზად ვართ, შესაბამის უწყებებთან ერთად, აქტიურად ჩავერთოთ აღნიშნულ განხილვებში”, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.
მოხსენების დასრულების შემდეგ სახელმწიფო მინისტრმა საკანონმდებლო ორგანოსა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლების შეკითხვებს უპასუხა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები