„ე.წ. კასრების კადრები დანაშაულია არა მარტო კაცობრიობის წინაშე, არამედ საქართველოს ისტორიის, ჩვენი ღირსების, რწმენის, ტრადიციის წინაშე“ …

„ე.წ. კასრების კადრები არა მარტო დანაშაულია კაცობრიობის წინაშე, ეს დანაშაულია საქართველოს ისტორიის წინაშე, დანაშაულია ჩვენი ღირსების, ჩვენი რწმენის, ჩვენი ტრადიციის წინაშე… ყველა ფასეულობა ჩამოანგრიეს“, – აღნიშნული განცხადებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი „კვირას“ პრესკლუბში ბოლო დროს „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში მსჯავრდებულზე განხორციელებული წამებისა და გაუპატიურების ამსახველი კადრების გავრცელებას გამოეხმაურა.
ვოლსკი არ გამორიცხავს, რომ აღნიშნული კადრები, სააკაშვილთან დაპირისპირებულმა იმ ჯგუფმა გაიტანა, რომლებიც დღეს გარკვეული მიზეზებით ქვეყნიდან წავიდნენ. დეპუტატი არ გამორიცხავს, რომ აღნიშნული პირები მსგავსი კადრებით ვაჭრობდნენ.
„უამრავ ადამიანს მისცეს ამ კადრების გატანის შესაძლებლობა. ეს ადამიანები, ვის ხელშიც შეიძლებოდა აღმოჩენილიყო ეს კადრები. დღეს ან მართლმსაჯულებას ემალებან, ან სხვადასხვა მიზეზით ქვეყანაში არ არიან. ჩვენ კარგად ვიცით, რომ დაპირისპირება საკმაოდ მწვავეა ყოფილ პრეზიდენტსა და უკრაინის გარკვეულ ჯგუფებს შორის. არ ინტერესდებიან, შეეძლო თუ არა ამ კადრებით ევაჭრა დაინტერესებულ ადამიანს. რასაკვირველია, უნდა ვიპოვოთ და უნდა დაისაჯოს, ვინც ეს კადრები გაიტანა, მაგრამ ეს იმასთან შედარებით, რასთანაც გვაქვს საქმე, ნაკლებად მნიშვნელოვანია“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
რაც შეეხება კადრების საჯარო ჩვენებას, დეპუტატის განცხადებით, აუცილებელია, ყველამ გონებას მოუხმოს და კადრების ამ ფორმით ჩვენებისგან თავი შეიკავოს.
„ თუ ვინმეს შეუძლია, გონებას მოუხმოს, მრისხანებას გაადაბიჯოს, თავი უნდა შეიკავოს ამ კადრების საზოგადოებისათვის ჩვენებისგან. ჩვენ – ყველამ ერთად დავაშავეთ, რომ ვერ შევაფასეთ ის საშიშროება, რაც უკანონობის ჩამდენ მთავრობაში შეიძლება იდოს. უამრავ სხვა თემაზე გადააქვთ ყურადღება, რომ ეს თემები დავივიწყოთ. მე არ ვიცი, იმ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომლებმაც თავის დროზე ეს კადრები ნახეს, როგორ სძინავთ? ამის შემდეგ ისინი დღეს ცდილობენ ნეიტრალური პოზიციით თუ რაღაცა ფასეულობების წინ წამოწევით ისაუბრონ იმაზე, რასთანაც გვქონდა საქმე“,- განაცხადა გია ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები