“ნაციონალური მოძრაობის” ოფისებზე განხორციელებულ თავდასხმებს არასამთავრობო ორგანიზაციები ეხმაურებიან
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისებზე საქართველოს ხუთ რეგიონში 19 ოქტომბერს განხორციელებულ თავდასხმებს არასამთავრობო ორგანიზაციები : “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“, “საქართველოს რეფორმების ასოციაცია“, “მედიის განვითარების ფონდი“, “იდენტობა“ და “ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი“ განცხადებით ეხმაურებიან.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ აღნიშნული ქმედებები პროვოცირებულია 2015 წლის 17-18 ოქტომბერს საჯაროდ ნაჩვენები ე.წ. წამების კადრებით.
არასამთავრობოებს მიაჩნიათ, რომ მომხდარი ქმნის დესტაბილიზაციისა და პროცესების სამართლებრივი ჩარჩოებიდან გასვლის რეალურ საფრთხეს.
არასამთავრობოები ხელისუფლების შესაბამის ორგანოებს მოუწოდებენ, მოახდინონ სწრაფი და ადეკვატური რეაგირება განხორციელებულ თავდასხმებზე.
„ვგმობთ 2015 წლის 19 ოქტომბერს საქართველოს ხუთ რეგიონში ოპოზიციური პოლიტიკური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისებზე განხორციელებულ მიზანმიმართულ თავდასხმებს. არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ ეს ქმედებები პროვოცირებულია 2015 წლის 17-18 ოქტომბერს საჯაროდ ნაჩვენები ე.წ. წამების კადრებით. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ქმნის დესტაბილიზაციისა და პროცესების სამართლებრივი ჩარჩოებიდან გასვლის რეალურ საფრთხეს. ამგვარი მიდგომა და ქმედებები სერიოზულ საფრთხეს უქმნის ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და წარმოადგენს ევროინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვან უკან გადადგმულ ნაბიჯს.
აღსანიშნავია, რომ განხორციელებულ თავდასხმებში აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ ადგილობრივი თვითმმართველობების და გამგეობების თანამშრომლები, „ქართული ოცნების“ აქტივისტები, „თავისუფალი თაობის“ წარმომადგენლები და აგრესიულად განწყობილი მოქალაქეები, რომლებიც ცოცხებითა და კვერცხებით იყვნენ შეიარაღებულნი. ამგვარი ძალადობრივი აქციები ორგანიზებულად მოეწყო საქართველოს 7 რეგიონში, მათ შორის: ქუთაისში, ბათუმში, გორში, ახალციხეში, ოზურგეთში, გურჯაანში, თელავში, თეთრიწყაროში, ფოთში და რუსთავში. თავდამსხმელთა საერთო ლოზუნგს წარმოადგენდა სიტყვა „ლიკვიდირებულია“. აქციებზე ისმოდა ისეთი განცხადებები, როგორიცაა: „SOS – ლიკვიდირებულია ენმ“, „გაქრით, მწამებლებო“ და სხვა. აქტივისტებმა ენმ-ს ოფისების კარები აჭედეს რუსთავში, თეთრიწყაროში, გურჯაანში და გორში.
გარდა იმისა, რომ აქციის მონაწილები ამჟღავნებდნენ და ახორციელებდნენ ძალადობრივ ქმედებებს, რაც სცდება მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციის კონსტიტუციურ უფლებას, მათ ჩაიდინეს არაერთი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა (აქციის მონაწილეებმა თავიანთი პროტესტის აღმნიშვნელი სიმბოლიკით მოხატეს გზის სავალი ნაწილი), რაზეც სამართალდამცველებს არ ჰქონიათ სათანადო რეაგირება. თუ გავითვალისწინებთ ტელეკომპანია „ტაბულას“ დირექტორის, თამარ ჩერგოლეიშვილის დაკავების ბოლოდროინდელ ინციდენტს, ასევე ქუთაისში დაკავებულ და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მხარდამჭერებს, რომლებიც ამჟამად ორთვიან წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან, პოლიციის უმოქმედობა ოპოზიციური პარტიის ოფისების წარმომადგენლებზე თავდასხმების დროს აჩენს რეალურ ეჭვს, რომ ადგილი აქვს კანონის და სამართლის შერჩევითად გამოყენებას და პოლიტიკურ მიკერძოებას. გასათვალისწენებელია, რომ მსგავს შემთხვევებში, პოლიციის უმოქმედობისა და შემდგომ დამნაშავეთა დაუსჯელობის არაერთი სხვა მაგალითიც არსებობს.
საგულისხმოა, რომ თავდასხმებამდე რამდენიმე საათით ადრე მოეწყო ე.წ. წამების კადრების დემონსტრაციული ჩვენება, რაშიც აქტიურად მონაწილეობდნენ მოქმედი ხელისუფლების წარმომადგენლები, კერძოდ, ზუგდიდის ცენტრში გამართულ ჩვენებას დაესწრო ზუგდიდის მერი ირაკლი გოგოხია. ამგვარი კადრების ასეთი სახით ჩვენება ემსახურება საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის ხელოვნურ გაღიზიანებას და მათ შორის დაპირისპირების გამწვავებას. ასევე, იქმნება საფუძვლიანი ეჭვი, რომ პროცესები ხელოვნურად არის მართული პოლიტიკური ოპოზიციის დისკრედიტაციის მიზნით, რასაც უმალვე მოჰყვა შედეგი დღეს განვითარებული ძალადობრივი მოვლენების სახით.
ამდენად, ე.წ. წამების კადრების დემონსტრაციული ჩვენება საჯარო მოხელეების აქტიური მონაწილეობით და რამდენიმე საათში მის საფუძველზე მიზანმიმართულად განხორციელებული თავდასხმა ენმ-ის წინააღმდეგ „ქართული ოცნების“ აქტივისტების აქტიური მონაწილეობით, ადასტურებს, რომ აღნიშნული ერთიანი პროცესები არის წინასწარ დაგეგმილი და ემსახურება ხელისუფლების მხრიდან, წინასაარჩევნოდ, მთავარი ოპოზიციური ძალის პოლიტიკური მოვლენებიდან ჩამოშორებას.
ოპოზიციური პარტიებისა და მათი მომხრეების მიმართ ამგვარი ძალადობრივი ქმედებები ცალსახად არადემოკრატიული და უკანონოა. იგი გამოუსწორებელი შედეგების დადგომის საფრთხეს ქმნის როგორც საშინაო, ისე საგარეო-პოლიტიკური მიმართულებით.
აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ხელისუფლების შესაბამის ორგანოებს, მოახდინონ სწრაფი და ადეკვატური რეაგირება განხორციელებულ თავდასხმებზე; აღკვეთონ და არ შეუწყონ ხელი ძალადობის მაპროვოცირებელ ქმედებებს, უზრუნველყონ, რომ პროცესები არ გამოვიდეს სამართლებრივი ჩარჩოებიდან და თავიანთი ქმედებებით არ დააყენონ კითხვის ნიშნის ქვეშ ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფებები“,- აღნიშნულია არასამთავრობოების მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში.