ისრაელის პრეზიდენტის სასახლეში საქართველოს პრეზიდენტისა და პირველი ლედის პატივსაცემად ოფიციალური სადილი გაიმართა

ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტის სასახლეში საქართველოს პრეზიდენტისა და პირველი ლედის პატივსაცემად ოფიციალური სადილი გაიმართა.
საქართველოს პრეზიდენტმა ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტს რუვენ რივლინს და მის მეუღლეს ნეჩამა რივლინს მოწვევისა და გულითადი მასპინძლობისათვის მადლობა გადაუხადა.
ორივე ქვეყნის პრეზიდენტებმა ოფიციალური სადღეგრძელო შესვეს და ორი ქვეყნის 26 საუკუნოვან მეგობრობაზე გაამახვილეს ყურადღება.
„მე დღეს ვიმყოფები ხალხთან, რომელმაც კარგად იცის, რას ნიშნავს თავისუფლებისათვის, სახელმწიფოებრიობისა და მშვიდობისათვის ბრძოლა. მე ვიმყოფები ქალაქში, რომელიც განსხვავებულ კულტურათა და ცივილიზაციათა შერწყმის განსაკუთრებული მაგალთია. მე ვიმყოფები იმ წმინდა მიწაზე, რომელიც მთელი მსოფლიოსათვის უნიკალურ სულიერ საგანძურს წარმოადგენს და რომელთანაც საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ისტორია აკავშირებს“, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა ოფიციალურ სადილზე.
საქართველოს პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ებრაელ და ქართველ ხალხების მეგობრობა ჩვენი ერების საერთო ღირებულებებმა შექმნეს.
„ისრაელიც და საქართველოც დამსახურებულად ამაყობენ საკუთარი ისტორიით, ტრადიციებითა და იმ დიდი კულტურული საგანძურით, რომელიც ჰუმანიზმისა და ზოგადსაკაცობრიო ფასეულობების მატარებელია.
ეს ყოველივე ჩვენს სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობის შემდგომი განვითარების მტკიცე საძირკველს ქმნის.
ისრაელის სახელმწიფო საქართველოს უმნიშვნელოვანესი პარტნიორია. ჩვენ ძალისხმევა არ უნდა დავიშუროთ, რათა კიდევ უფრო გავაღრმავოთ არსებული კავშირ-ურთიერთობები და თანამშრომლობის თვისობრივად უფრო მაღალ საფეხურზე გადავიდეთ. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი დღევანდელი შეხვედრები ძლიერი იმპულსი იქნება იმისათვის, რომ ჩვენმა თანამშრომლობამ შესაძლებლობების მთელი პოტენციალი მოიცვას“, -აღნიშნა ოფიციალურ სადღეგრძელოში საქართველოს პრეზიდენტმა.
საქართველოს პრეზიდენტის ისრაელში სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართვრლოს პრეზიდენტის შეხვედრა ისრაელის პრემიერთან და ქნესეთის თავმჯდომარესთან ასევე საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებთან.
ისრაელის პრეზიდენტმა რუვლენ რივლინმა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას ნაყოფიერი უწოდა და აღნიშნა, რომ ისრაელმა არ უნდა დაივიწყოს საქართველოს ხელისუფლების მხარდაჭერა საერთაშორისო დიპლომატიაში. მისი განცხადებით, ისრაელმა არერთხელ გამოხატა ნათელი მხარდაჭერა საქართველოს განვითარებისა და კეთილდღეობისადმი. “ეს არის პროდუქტიული და დამაიმედებელი თანამშრომლობა – პარტნიორობა, რომელიც მიგვიყვანს ჩვენი შვილების მომავალთან”, – აღნიშნა ისრაელის პრეზიდენტმა.
საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის სახელმწიფო ვიზიტი ისრაელში 20 ოქტომბერს დასრულდება.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები