თბილისის მეტროში უფასო ელექტრონული ბიბლიოთეკა გაიხსნა
19 ოქტომბერს, დედაქალაქის მეტროპოლიტენის სადგურში „სადგურის მოედანი“ თბილისის მერიის სსიპ „ტექნოლოგიური განვითარების ფონდის“ და ელექტრონული წიგნების სახლი “საბას“ ერთობლივი ინოვაციური პროექტის „უფასო QR ბიბლიოთეკა“ პრეზენტაცია შედგა. აღნიშნული სოციალური პროექტის მიზანია თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მოსახლეობაში კითხვის ჩვევის პოპულარიზაცია.
პროექტის ფარგლებში, ელექტრონული ბიბლიოთეკის ბანერების მეშვეობით, მეტროს რამდენიმე სადგურში მგზავრებს შეეძლებათ სპეციალური QR კოდების გამოყენებით უფასოდ ჩამოტვირთონ სასურველი წიგნის ელექტრონული ვარიანტი. წიგნის კითხვა სპეციალური უფასო აპლიკაცია SABA Reader-ის საშუალებითაა შესაძლებელი. პროექტის შემდეგ ეტაპზე მსგავსი ელექტრონული ბიბლიოთეკების მოწყობა სწრაფი კვების ობიექტებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის სხვადასხვა ადგილებშიც იგეგმება. QR ბიბლიოთეკას სხვა დამატებითი ფუნქციაც აქვს – სპეციალური კოდების მეშვეობით შესაძლებელია თბილისში არსებული საქალაქო ბიბლიოთეკების კატალოგების ჩამოტვირთვა და სასურველი წიგნების დისტანციურად ძებნა.
„ტექნოლოგიური განვითარების ფონდმა“ და „საბამ“ აღნიშნულ პროექტზე მუშაობა მიმდინარე წლის ივნისში დაიწყეს. სპეციალურად შეირჩა თბილისის მეტროპოლიტენის რამდენიმე სადგური და პროექტში მონაწილე ელექტრონული წიგნები ქართული და უცხოური ლიტერატურიდან.
თბილისის პირველი უფასო QR ბიბლიოთეკა ელექტრონული წიგნების სახლი „საბას“ დირექტორმა ირინა ჯავახაძემ და ფონდის პროექტის მენეჯერმა მარიამ მექვაბიშვილმა გახსნეს.