ვინ არის ქალბატონი, რომელიც მცხეთაში სასულიერო პირს ქოლგით წვიმისგან იცავდა
ინტერნეტში გუშინ ერთ-ერთი სასულიერო პირის ფოტო გავრცელდა, რომელსაც გვერდით უდგას სამონაზვნე სამოსში გამოწყობილი ქალბატონი ქოლგით.
აღნიშნულის გამო სასულიერო პირი სოციალური ქსელის მომხმარებლების ნაწილმა მწვავედ გააკრიტიკა.
მათი კრიტიკის საპასუხოდ, საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი, არჩილ გამზარდია, ფეისბუქში პოსტს და ამავე სასულიერო პირის ფოტოებს აქვეყნებს.
„ინტერნეტში გავრცელდა ერთ-ერთი სასულიერო პირის ფოტო, რომელსაც გვერდით უდგას სამონაზვნე სამოსში გამოწყობილი ქალბატონი ქოლგით. ამ ფოტოზე მძიმე ამბავი ატყდა და ვისაც არ ეზარება, ლამის ყველა ამ სასულიერო პირს ლანძღავს. საქმე ისაა, რომ მე შორიდან ვიცნობ ამ სასულიერო პირს, მიუხედავად იმისა, რომ ის მთავარეპისკოპოსია, წლებია, საკმაოდ მოკრძალებულად ცხოვრობს და ამიტომ რაღაცნაირად გული მეტკინა, რომ მას უსამართლოდ დაესხა თავს არაერთი. ბალანსისათვის რამდენიმე ფოტოს ვდებ, რომელიც იგივე სასულიერო პირს ეკუთვნის. ასევე, როგორც გავიგე, ფოტოზე, რომელიც მითქმა-მოთქმის საფუძველი გახდა, მისივე და არის წარმოდგენილი, რომელიც თავის ძმაზე ზრუნავს და რა ვიცი… იქნებ, მიგვეცა უფლება ადამიანებისათვის, საკუთარ დედმამიშვილზე იზრუნოს…
როდესაც სასულიერო პირებს სამართლიანად აკრიტიკებენ, მხარს ვუჭერ და ვიზიარებ ხოლმე, მაგრამ, როდესაც ხალხი არ ვართ მართალი, ვხედავთ რეალობის ფრაგმენტს და შემდეგ ვმსჯელობთ უყურადღებოდ, უხეშად და, რაც მთავარია, უსამართლოდ, მგონია, რომ ასეთ დროს სიმართლის მხარე უნდა დავიჭიროთ, რომელიც მოცემულ შემთხვევაში ამ მთავარეპისკოპოსის მხარეს გადის“, – წერს გამზარდია.