სტიქიით დაზარალებულებისთვის ნიუ-იორკის ქართულმა ეკლესიამ და სააგენტო „ნიუსპრესმა“ საქველმოქმედო აქცია გამართა

თბილისში 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებულ სვანიძის ქუჩის მაცხოვრებლებს დღეს საყოფაცხოვრებო ტექნიკა გადაეცათ. დაზარალებულებისთვის შემოწირულობა ნიუ-იორკის წმინდა ნინოს სახელობის ქართული ეკლესიის მრევლმა შეაგროვა.
დახმარების შეგროვება ტაძრის წინამძღვრის დეკანოზ ალექსანდრე თანდილაშვილისა და საინფორმაციო სააგენტო ,,ნიუსპრესის“ ამერიკის ბიუროს ჟურნალისტის, ლელა ჭელიძის ორგანიზებით მოხდა. შემოწირულებები დაზარალებულებს დღეს საქართველოში მყოფმა მამა ალექსანდრემ გადასცა.
„ნიუ-იორკის წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის მრევლმა 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებული სვანიძის ქუჩის მცხოვრებლებისთვის თანხა შეაგროვა და ამ თანხით, გადავწყვიტეთ, რომ მათთვის საყოფაცხოვრებო ნივთების შეძენა მომხდარიყო.
ეს ჩვენი ეკლესიის პირველი საქველმოქმედო ღონისძიება არ არის და წლების მანძილზე მუდმივად ვცდილობთ, საქართველოში სოციალურად შეჭირვებულებს შეძლებისდაგვარად დავეხმაროთ“,-განაცხადა დეკანოზმა ალექსანდრე თანდილაშვილმა.
ამასთან, როგორც საინფორმაციო სააგენტო ,,ნიუსპრესის“ რედაქტორმა, ალეკო ჩუბინიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეძენა დაზარალებულებთან შეთანხმებით, მათი საჭიროებიდან გამომდინარე მოხდა.
,,ამერიკაში ქართულმა დიასპორამ სტიქიის შედეგად დაზარალებულებისთვის სოლიდური თანხა შეაგროვა. ამ თანხით გადავწყვიტეთ, დაზარალებულებისთვის საყოფაცხოვრებო ნივთები გვეყიდა. მათთან შეთანხმებით მოხდა სასურველი საყოფაცხოვრებო ნივთების შეძენა რაც მათ სჭირდებოდათ. ეს არის მაცივრები, სარეცხი მანქანები, გამათბობლები და სხვა ტექნიკა”,-განაცხადა ალეკო ჩუბინიძემ.

წყარო: “ნიუსპრესი”

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები