ბიზნესმენ თემურ უგულავას შვილისთვის ალიმენტის სახით თვეში 10 000 დოლარის გადახდა დაეკისრა

თბილისის საქალაქო სასამართლოში დასრულდა სამოქალაქო სამართალწარმოება ნანა დავითაიას სარჩელზე, მოპასუხე თეიმურაზ უგულავას მიმართ. მხარეთა შორის დავის საგანს არასრულწლოვანი შვილის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა, ალიმენტის გადახდის დაკისრება, თანამესაკუთრედ აღიარება და ვალდებულების შესრულების დაკისრება წარმოადგენდა. სასამართლომ ბიზნესმენ თემურ უგულავას შვილისთვის ალიმენტის სახით თვეში 10 000 დოლარის გადახდა დააკისრა.
„კვირა“ საქალაქო სასამართლოს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: “აღნიშნული დავა, ამჟამად თბილისის სააპელაციო სასამართლოს წარმოებაშია, თუმცა საზოგადოების შეცდომაში შეყვანის თავიდან არიდების მიზნით, სასამართლო განმარტავს, რომ ნანა დავითაიას სასარჩელო მოთხოვნა – ბავშვთან დაკავშირებული მოთხოვნების თაობაზე სრულად დაკმაყოფილდა. კერძოდ, მოსარჩელეს აუნაზღაურდება ქ. ნიუ-იორკში ცხოვრების საფასური (ბინის ქირა, სამედიცინო-საგანმანათლებო დაწესებულების, ძიძის მომსახურების, პირადი მენეჯერის მომსახურების, ენის კერძო მასწავლებლის და კერძო ექიმის მომსახურების საფასური), რამაც ჯამურად შეადგინა 48 263 აშშ დოლარი. ასევე მოპასუხეს დაეკისრა ბავშვის რჩენა-აღზრდისათვის ყოველთვიური ალიმენტის გადახდა 10 000 აშშ დოლარის ოდენობით, ბავშვის სრულწლოვანების მიღწევამდე ან სხვა გარემოებების შეცვლამდე.
სასამართლომ გაიზიარა გაეროს „ბავშვთა უფლებათა შესახებ“ კონვენციის მე-3 მუხლის დანაწესი, რომ ბავშვის მიმართ ნებისმიერი ქმედების განხორციელებისას უპირველესი ყურადღება ეთმობა მისი ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. ბავშვის საუკეთესო ინტერესები ძირითადი ზრუნვის საგანია. სახელმწიფო იღებს ვალდებულებას მიიღოს ყველა საკანონმდებლო და ადმინისტრაციული ზომა, რათა უზრუნველყოფილი იყოს ბავშვი ისეთი დაცვითა და მზრუნველობით, რომელიც აუცილებელია მისი კეთილდღეობისათვის.
სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი გაუთვალისწინებელი ხარჯების 20 000აშშ დოლარისა და 7 320აშშ დოლარის ოდენობით მოპასუხისათვის დაკისრება, ვინაიდან ვერ იქნა წარმოდგენილი მისი აუცილებლობის დამადასტურებელი მტკიცებულებები, შესაბამისად არ არსებობდა დამატებითი თანხის დაკისრების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი. რაც შეეხება ყოფილ მეუღლეებს შორის არსებულ ქონებრივ დავას, მოთხოვნილი ქონების ნაწილზე მხარეთა უფლებებს არეგულირებს და იცავს საქორწინო ხელშეკრულება, რომლის პირობების დარღვევა თ. უგულავას მხრიდან სასამართლომ დადასტურებულად არ მიიჩნია.
სასამართლო იზიარებს საერთაშორისო და ეროვნული კანონმდებლობით გარანტირებულ ქალთა უფლებებს, თუმცა მართლმსაჯულების განხორციელებისას თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, სასამართლო თანაბარ პირობებში აყენებს მხარეებს, მიუხედავად მათი გენდერული კუთვნილებისა”, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები