საკრებულოს დეპუტატები N124 საჯარო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის კაბინეტის გახსნას დაესწრნენ
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, საკრებულოს სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ლია ჯახველაძე და ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ზურაბ ნეფარიძე სამგორის რაიონში მდებარე მიხეილ ჯავახიშვილის სახელობის თბილისის N124 საჯარო სკოლაში პრეზიდენტის სტიპენდიანტი პედაგოგის -თინა ონიანის სახელობის ქართული ენისა და ლიტერატურის კაბინეტის გახსნას დაესწრნენ.
ღონისძიებაზე სკოლის პედაგოგებმა და მოსწავლეებმა N 124 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი თინა ონიანი გაიხსენეს და მის ღვაწლზე ისაუბრეს.
ღონისძიების ფარგლებში რესურს-ოთახის „კარცერ-ლუქსის“ პრეზენტაცია გაიმართა, რომელშიც სწავლის მოტივაციის ამაღლების მიზნით, მოსწავლეთა მიწვევა იქნება შესაძლებელი.
აღნიშნულ ოთახში თავმოყრილია და კედლებზე განთავსებულია ქართველ მწერალთა ნააზრევი, ხელოვნების ნიმუშები, ლიტერატურული თვალსაზრისით ღირებული ანტიკვარული ნივთები.
საკრებულოს თავმჯდომარემ და დეპუტატებმა პედაგოგებსა და ადმინისტრაციას ქართული ენის ოთახის იდეის რეალიზაციისთვის მადლობა გადაუხადეს.
გიორგი ალიბეგაშვილმა პედაგოგებს ახალი თაობის აღზრდის რთულ და საპასუხისმგებლო საქმეში წარმატებები უსურვა და მასწავლებლის პროფესიის მნიშვნელობას ხაზი კიდევ ერთხელ გაუსვა.