„თბილისობა წელს იმაზე უკეთესი იქნება, ვიდრე უწინ იყო“
„თბილისობა 2015“-ის ღონისძიებები წელს მარტო თბილისის ცენტრში არ მოიყრის თავს და ქალაქის მასშტაბით გაიშლება“,- ამის შესახებ თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრმა ბექა ნაცვლიშვილმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ისაუბრა.
საკრებულოს წარმომადგენლის თქმით, იმ ადამიანებს, ვისაც მოცემულ მომენტში არ შეუძლია ცენტრში მისვლა, მათ საშუალება ექნებათ, ქალაქის სხვა ნაწილებშიც იზეიმონ თბილისობა.
„თბილისობა წელს იმაზე უკეთესი იქნება, ვიდრე ადრე იყო. სხვათა შორის, წინა თბილისობა ბევრად უფრო შემოქმედებითი და მრავალფეროვანი იყო, მაგრამ თუ უწინ თბილისობა ლოკალური ღონისძიებებით შემოიფარგლებოდა და ღონისძიებები თავმოყრილი იყო თბილისის ცენტრში და ძველ თბილისში, ეს წელს უფრო გაიშლება და იმ ადამიანებს, ვისაც მოცემულ მომენტში არ შეუძლია ან არ აქვს საშუალება, ქალაქის ცენტრში მივიდეს, მათ საშუალება ექნებათ ქალაქის სხვა ნაწილებშიც იზეიმონ თბილისობა“,- განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ „თბილისობა 2015“ 17 – 18 ოქტომბერს გაიმართება. სახალხო დღესასწაულის ბიუჯეტი 977 000 ლარს შეადგენს და სხვადასხვა კულტურულ სპორტულ და საბავშვო ღონისძიებას მოიცავს.
„თბილისობას“ 16 ოქტომბერს, საღამოს „საპატიო თბილისელის“ დაჯილდოების ცერემონია გახსნის. 17 და 18 ოქტომბერს, რიყის პარკში დაგეგმილია სხვადასხვა ჟანრის კონცერტები, ღია ტურნირები ჭადრაკსა და ჭიდაობაში, საბავშვო ღონისძიებები და „ლაივფესტივალი“ ახალგაზრდებისთვის.
“თბილისობა 2015”-ის ფარგლებში, წელს პირველად გაიმართება კულინარიის ფესტივალი. პარკში მისულ სტუმრებს საშუალება ექნებათ, დააგემოვნონ როგორც ქართული, ასევე, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ეროვნული კერძები. რიყის პარკის შადრევანთან კი, „ღვინის ქალაქი“ მოეწყობა.
17 ოქტომბრის კულმინაცია მიშა მდინარაძის პროექტი იქნება, რომელიც წარმოაჩენს თბილისური მუსიკის ტრანსფორმაციას ბოლო 2 საუკუნის განმავლობაში. წელს პირველად, მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, დასახელებული კანდიდატებისთვის ხმის მიცემის საფუძველზე „თბილისზე მზრუნველი“ თავად აირჩიონ.
18 ოქტომბერს მუშტაიდის პარკიდან სტარტს აიღებს კოსტიუმირებული მსვლელობა „შემოდგომა და გარემო“, რომელიც გორგასლის მოედანზე გალაკონცერტს შეუერთდება.
„თბილისობა 2015“ გარემოს დაცვასა და ეკოლოგიას ეძღვნება. დღესასწაულის ფარგლებში თბილისის ეკოლოგიისა და გამწვანების მიმართულებით, სტრატეგიის პრეზენტაცია მოეწყობა. ასევე გაიმართება სხვადასხვა თემატური შემეცნებითი აქტივობა.