დედაენის ბაღში ჩინეთის დღე გაიმართება
მედიაჰოლდინგი Gbtimes-ი 11 ოქტომბერს დედაენის ბაღში „ჩინეთის კულტურისა და ბიზნესგამოფენას“ აწყობს.
ღონისძიება ჩინეთის საელჩოს, კონფუცის ცენტრისა და თბილისის მერიის მხარდაჭერით იმართება.
ეს არის პირველი მსგავსი ტიპის ღონისძიება, რომელიც სრულად მოიცავს საქართველოში არსებულ ყველა ჩინურ წარმომადგენლობას, კომპანიას და სფეროს. ის მიზნად ისახავს ჩინური კულტურისა და ტრადიციების გაცნობას და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებას, ტურისტების მოზიდვას და ქართველების დაინტერესებას ჩინეთის მიმართ.
ჩინური დღის განმავლობაში დედაენის ბაღში გაიმართება გამოფენები, პერფორმანსები, ჩინური ფოკლორის წარდგენა, გასართობი შოუები და კონცერტები. სტუმრები გაეცნობიან ჩინური ნაციონალური სამოსის თავისებურებებს, საქართველოში არსებული ჩინური სამშენებლო და მულტიმედიური კომპანიების პროდუქციას და ტექნოლოგიურ სიახლეებს. ბაღში სპეციალურად ბავშვებისთვის მოეწყობა გასართობი კუთხე, სადაც მათ პანდას კოსტუმირებულ პერსონაჟთან შეეძლებათ ფოტოების გადაღება. მთელი დღის განმავლობაში დედა ენის ბაღში რადიო Jako FM-ის ღია სტუდია მოეწყობა. წამყვანები მსმენელს ჩინეთის შესახებ გადაცემებს non-stop რეჟიმში შესთავაზებენ.
12:00 – უშუს წარმოდგენა; ჩინური ანიმაციური ფილმების რეტროსპექტივა; ჩინელი ფოტოგრაფების ფოტოების გამოფენა; ჩინური დამწერლობის პრეზენტაცია; ჩინური ლიტერატურის გამოფენის გახსნა; ჩინური კულინარიური კუთხის გახსნა, ღვინის დაგემოვნება; ჩინური სასწავლო გაცვლითი პროექტების პრეზენტაცია;
14:00 – ჩინური საბრძოლო ხელოვნების წარმოდგენა – უშუ;
15:00 – კონფუცის სტუდენტების კონცერტი;
16:00 – ოფიციალური ნაწილის გახსნა: ჩინური ტრადიციული შოუ „ლომის ცეკვა“; ჩინური საბრძოლო ხელოვნების წარმოდგენა – უშუ; თბილისის მერის, საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩის და ოფიციალური პირების სიტყვით გამოსვლა; ჩინურ წარმომადგენლობებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემურანდუმის გაფორმება;
16:00 – ერისიონის წარმოდგენა;
17:00 – ჩინური გამოფენის დათვალიერება. ჩინური დღის დახურვა.
Gbtimes-ის შესახებ: გლობალ მედიაჰოლდინგი Gbtimes-ი ქართულ ბაზარზე უკვე 2 წელია მაუწყებლობს. მედიაჰოლდინგი Gbtimes-ი ქმნის უნიკალურ მასალას ყველა მედიაპლატფორმაზე, რომელსაც კომპანია ფლობს ევროპასა და აზიაში. ის პასუხობს ყველა თანამედროვე მოთხოვნას, რომელიც დღეს მსოფლიო საზოგადოებას გააჩნია. ჰოლდინგი გლობალურ აუდიენციას სთავაზობს ყველაზე აქტუალურ და მნიშვნელოვან მასალას, მათი კულტურული ჰორიზონტების გასაფართოებლად. Gbtimes-ი არის კულტურათა შორის კავშირის და ინტერაქტიული კომუნიკაციის წყარო. კომპანიას ჰყავს გლობალური მედიაგუნდი, რომელიც ქმნის უნიკალურ კონცეპტს, რომელიც მოწოდებულია, ხელი შეუწყოს კომუნიკაციას და ეფექტურ, მჭიდრო ურთიერთობებს ჩინეთსა და დანარჩენ მსოფლიოს შორის.