სამეგრელოში დაზიანებული გზების რეაბილიტაცია დაიწყო

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ ეკა სეფაშვილმა ხობის მუნიციპალიტეტში ახალი ხიბულა-ნარაზენის საავტომობილო გზის 5 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

სარეაბილიტაციო ობიექტზე, ხობის მაჟორიტარი დეპუტატი გოდერძი ბუკია, სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორი ლევან შონია, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.

გზის მონაკვეთი სამეგრელოს რეგიონში, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი ხიბულას მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიაზე გადის და ის უმოკლესი გზით აკავშირებს ხობის, ჩხოროწყუსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებს.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, გზის რეაბილიტაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს და ამ დროისათვის, 5 კმ-იან მონაკვეთზე ასფალტ–ბეტონის საფარის მოწყობის, წყალგამტარი მილებისა და ახალი ხიდის მშენებლობის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები, ადგილობრივ გზებთან მიერთებები და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გასაჩერებელი მოედნები მოწესრიგდება.

სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 2 მლნ. 246 ათასი ლარია. გზის რეაბილიტაცია რამდენიმე დღის წინ დაიწყო და მისი დასრულება წლის ბოლომდე იგეგმება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები