გიორგი მარგველაშვილი ვაშინგტონში ვიზიტის დასასრულს კარნეგის ფონდს ეწვია
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ვაშინგტონში პირისპირ შეხვედრა კარნეგის ფონდის პრეზიდენტთან უილიამ ბერნსთან გამართა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, მრგვალი მაგიდის ფორმატში, დისკუსია გაიმართა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ყურადღება საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებზე გაამახვილა. ხაზგასმით აღინიშნა საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებისა და ამ ურთიერთობის ახალ საფეხურზე აყვანის შესაძლებლობების მნიშვნელობა. საუბარი შეეხო მსოფლიო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში და ნატო-ს სამშვიდობო მისიებში საქართველოს მონაწილეობას.
ყურადღება ასევე რეგიონალურ უსაფრთხოებაზე და რუსეთ -საქართველოს კონფლიქტზე გამახვილდა. დისკუსიაში მონაწილეობას ქართული დელეგაციის მხრიდან საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და საქართველოს პარლამენტის წევრები იღებდნენ.