ლევან ამირიძე: სულხან მოლაშვილი თუ არა, აბა ვინ იყო პოლიტპატიმარი?!

სულხან მოლაშვილი თუ არა, აბა ვინ იყო პოლიტპატიმარი?! – ასე აფასებს პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული ლევან ამირიძე კულტურის ექსმინისტრის ნიკა რურუას მიერ “კვირას“ პრესკლუბში გაკეთებულ განცხადებას, რომ “სულხან მოლაშვილი არც პოლიტიკური პატიმარი ყოფილა და არც ციხეში უწამებიათ“.
ლევან ამირიძის თქმით, დაუყონებლივ უნდა გადაიხედოს ყოფილი პოლიტპატიმრების საქმეები.
“თუ სულხან მოლაშვილი არა, აბა ვინ იყო პოლიტპატიმარი? მეტიც ის იყო რეჟიმის მსხვერპლი. ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნები ვერ გაბედავდნენ თავის მართლებას, ყველა პირი სათანადოდ რომ იყოს დასჯილი. საქმეები დაუყონებლივ უნდა გადაიხედოს, მაგრამ არსებული ხელისუფლება, სამწუხაროდ, ამის გაკეთებას არ ჩქარობს“, – აღნიშნა “კვირასთან“ ლევან ამირიძემ.
კულტურის ყოფილი მინისტრი ნიკა რურუა მიიჩნევს, რომ მათი ხელისუფლების დროს საქართველოში პოლიტიკური პატიმრები არ ყოფილან. აღნიშნული განცხადება საქართველოს კულტურის ყოფილმა მინისტრმა, საზოგადოებრივი მოძრაობა „ივერიას“ წარმომადგენელმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა. რურუა წინა ხელისუფლების პოლიტპატიმრად არ მიიჩნევს საქართველოს კონტროლის პალატის ყოფილ უფროსს, სულხან მოლაშვილსაც. რურუას თქმით, ის მოლაშვილის საქმეს კარგად არ იცნობს, თუმცა დარწმუნებულია, რომ ის არც პოლიტიკური პატიმარი ყოფილა და არც ციხეში უწამებიათ.
კულტურის ყოფილი მინისტრი მიიჩნევს, რომ საუბრები მისი წამების შესახებ მხოლოდ მითებია. „ჩვენი ხელისუფლების დროს საქართველოში პოლიტპატიმრები არ იყვნენ, ჩვენ პოლიტპატიმრები არ გვყავდა. წინა ხელისუფლების პერიოდში საქართველო აწარმოებდა კარგ და ეფექტურ საგარეო პოლიტიკას. წინა ხელისუფლების დროს საქართველოში შემოდიოდა ბევრად მეტი ინვესტიცია, ქვეყანა მიდიოდა წინ და არა უკან, როგორც დღეს მიდის. გადაცდომები და ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ფაქტები იყო, მაგრამ ის შეუმჩნეველი არ დარჩენილა. ამისთვის წააგო წინა ხელისუფლებამ არჩევნები დემოკრატიულად“, – განაცხადა ნიკა რურუამ.
ჟურნალისტის კითხვაზე, იყო თუ არა „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტპატიმარი სულხან მოლაშვილი, რომლის წამების შესახებ ევროსასამართლოს დადგენილებაშიც წერია და რომლის წინაშეც სტრასბურგმა სახელმწიფოს კომპანსაცია დააკისრა, რურუამ ასე უპასუხა: „ამ საქმეს კარგად არ ვიცნობ, მაგრამ პოლიტპატიმარი ეს კაცი ვერ იქნებოდა, იმიტომ რომ ის არ იყო პოლიტიკოსი. ის ჩინოვნიკურ დანაშაულში, რამდენადაც ვიცი, ქრთამის საკითხზე იყო დაკავებული. დიდი პიარ კამპანია აგორდა, წამება, ისა ესა …. რაც მე მგონია ტყუილი. მე არ მინახავს მისი ნაწამები კადრები და დარწმუნებული ვარ, ის ნაწამები არ იყო. ეს მითოლოგიაა და ასე იოლად ნუ იჯერებთ. შეიძლება პროცედურული ნორმები იყო დარღვეული და დიდი შანსია, რომ მან პროცესი ამიტომ მოიგო. რომელი პოლიტიკური პატიმარი იყო ის, პოლიტიკური რწმენისთვის იჯდა მოლაშვილი? კარგად არ ვიცნობ ამ საქმეს“,- აღნიშნა ნიკა რურუამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები