გიორგი არეშიძე თანამდებობის დატოვებას არ აპირებს და მის მიმართ გამოთქმულ ყველა ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებს

განათლების, სპორტის და ახალგაზრდობის საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი არეშიძე თანამდებობის დატოვებას არ აპირებს. ამის შესახებ გიორგი არეშიძემ დღეს თბილისის საკრებულოში სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
“ჩემს მომავალ ხედვებსა და სტრატეგიაში თანამდებობის დატოვება არ ჯდება“,-დასძინა მან.
არეშიძე დიპლომთან დაკავშირებით გამოთქმულ ბრალდებებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მან წმინდა ნიკოლოზის სახელობის საერთაშორისო უნივერსიტეტი დაამთავრა და სამართლებრივად უფლება აქვს თანამდებობა დაიკავოს.
მისივე თქმით, მის მიმართ გამოთქმული ყველა ბრალდება უსაფუძვლოა.
“თავის დროზე ჩავიხედე თვითმმართველობის შესახებ კანონში, რომლის შესაბამისადაც ვიმოქმედე და ავიღე ჩემს თავზე პასუხისმგებლობა. თუ ჩემი განათლების დამადასტურებელი საბუთი ვერ დააკმაყოფილებდა შესაბამის საკვალიფიკაციო მოთხოვნას, მე ამ თანამდებობაზე ვერ დავიწყებდი მუშაობას.
ყოველთვის ვიზიარებ ღირსეული ადამიანის რეკომენდაციებს, თუმცა საკუთარ მომავალზე როგორც დამოუკიდებელი ადამიანი, თავად ვიღებ გადაწყვეტილებას ანალიზის საფუძველზე. ჩემს მომავალ ხედვებში და სტრატეგიაში თანამდებობის დატოვება არ ჯდება”, – განაცხადა გიორგი არეშიძემ.
შეგახსენებთ, რომ ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძე მის ცოლის ძმას, ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერით თანამდებობის დატოვება ურჩია.
“ეს პირველი შემთხვევა არ არის გიორგისთან დაკავშირებით, როდესაც ხდება გარკვეული პიარ კამპანის აგორება. ეს არც უკანასკნელი იქნება და არჩევნებს რაც უფრო მივუახლოვდებით, უფრო გამძაფრდება და წამოვა ასეთი სიბინძურეები. გიორგის, მე, როგორც მეგობარს, როგორც ახლო ადამიანს, მივცემდი რჩევას, თანამდებობა დაეტოვებინა”, – განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები