ვახტანგ მაისაია: რუსეთს სირიაში გეოსტრატეგიული და გეოეკონომიკური ინტერესები გააჩნია
ექსპერტი, პოლიტოლოგი ვახტანგ მაისაია პორტალ „კვირას“ პრესკლუბში რუსეთის სირიაში სამხედრო ოპერაციებში ჩართვის საკითხს გამოეხმაურა და სიარიაში რუსეთის სამხედრო, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტერესებზე ისაუბრა.
მაისაიას განცხადებით, რუსეთი სირიაში შემთხვევით არ აღმოჩენილა, რადგან მათ იქ გეოსტრაგეგიული და გეოეკონომიკური ინტერესები გააჩნია. ექსპერტის განცხადებით, რუსეთი დღეს საჰაერო დაბომბვების გარდა სირიაში სახმელეთო კონტინგენტის გაზრდაზეც აქტიურად მუშაობს.
„რუსეთის ინტერვენცია სირიაში ხანგრძლივად გაგრძელდება, სანამ იქნება ბაშარ ასადის რეჟიმი, მანამდე რუსეთის ინტერვენცია არ დასრულდება. რუსეთს სირიაში გეოსტრაგეგიული და გეოეკონომიკური ინტერესები გააჩნია, რუსები იქ შემთხვევით არ აღმოჩნდნენ. რუსეთს რამდენიმე ძირითადი ინტერესი გააჩნია.
1. ესაა წმინდა სამხედრო-პოლიტიკური ინტერესი, ანუ აქ საუბარია იმაზე, რომ სირია და აღმოსავლეთი ხმელთაშუა ზღვისპირეთის მიმართულებით პლაცდარმი უნდა იყოს ნატოს შესაკავებლად, რომ მას კონტროზე ჰყავდეს ნატოს ის სამხედრო ბაზები, რომლებიც განლაგებული არიან სამხრეთ ევროპის და თურქეთის ტერიტორიაზე. შესაბამისად, დაამყარონ ძალთა ბალანსი ხმელთაშუა ზღვისპირეთში, რაც მნიშვნელოვანი გარემოებაა, რომ შავი ზღვის მიმართულებით ნატოს შემდგომი გაფართოება არ დაუშვან.
2. რუსეთს აქვს წმინდა გეოეკონომიკური ინტერესები, რადგან სანამ „არაბული გაზაფხული“ დაიწყებოდა, რუსეთის „გაზპრომმა“, „ლუკოილმა“ ბაშარ ასადის რეჟიმთან სპეციალურ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, რომლის მიხედვითაც მათ ნავთობისა და გაზის რამდენიმე მნიშვნელოვანი საბადო გადაეცათ, მათთან ერთად მათ გაადაეცათ გეოლოგიური დაზვერვის უფლება, რომ მომავალში ახალი საბადოები აღმოეჩინათ. აქ ეკონომიკური ინტერესებია და რუსეთი ამ ინტერესებს იცავს. რუსეთს თავის სამხედრო დოქტრინაში ჩადებული აქვს მუხლი, რომლის მიხედვითაც ის თავისი ქვეყნის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტერესს ნებისმიერი ქვეყნის ტერიტორიაზე დაიცავს. რუსეთი სირიაში საჰაერო დაბომბვებთან ერთად სახმელეთო დაგჯუფებას აძლიერებს, სახმელეთო დაჯგუფებას ისინი 10 000 კაცამდე გაზრდიან“, – განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.