ქიბარ ხალვაში საგანგებო განცხადებას ავრცელებს
“რუსთავი 2” არ გაჩერდება და არცერთი თანამშრომელი არ დაკარგავს სამუშაო ადგილს,- ამის შესახებ ქიბარ ხალვაშის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
ასევე, ხალვაში გვარამიას მოუწოდებს, შეწყვიტოს სასამართლოზე ზეწოლა და პოლიტიკური დემაგოგოია.
“საყურადღებოა ის ფაქტი, რომ დაახლოებით სამი წლის წინაც, 2012 წლის 4 ოქტომბერს, ასეთი მცდლეობა ჰქონდა დავით კეზერაშვილს და ახლაც ხელისუფლების დანაშაულებრივი წაყრუებითა და უმოქმედობით, იმავე სქემით ცდილობს ჩვენი საკუთრების კიდევ ერთხელ მითვისებას. პოლიტიკურ დემაგოგიაში გაწაფული გვარამია, სასამართლო დავის დაწყების პირველივე დღიდან ცდილობს საქმე პოლიტიკურ ჭრილში წარმოაჩინოს, რადგან კარგად იცის, რომ სამართლიანობის აღდგენას ვერაფერი აღუდგება წინ. მან დღესაც ჩვეულ სტილში განახორციელა არნახული ზეწოლა სასამართლოზე. იმედი გვაქვს, რომ სასამართლო არ დაექვემდებარება ამგვარ ძალადობას, არც ხელისუფლება დაყვება შანტაჟს. ჩვენ კი, საკმაოდ მიზანსწრაფულები ვართ, რადგან დაწყებული საქმე ბოლომდე მივიყვანოთ. ამიტომ მოვუწოდებ ყოფილ იურისტ გვარამიას, შეწყვიტოს ყოვლად გაუმართლებელი ზეწოლა სასამართლოზე და ხელს ნუ შეუშლის ქონებრივი დავის ცივილიზებული მეთოდებით, სამართლებრივი პროცედურებით გადაწყვეტას.
ჩვენ კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით კომპანიის ხელუვნურად გაკოტრების ცდებს და ყველას გასაგონად ვაცხდებთ, რომ ტელეკომპანია “რუსთავი 2″ არ გაჩერდება და არც ერთი, ვიმეორებ, არც ერთი თანამშრომელი არ დაკარგავს სამუშაო ადგილს. პირიქით, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მათ ჰქონდეთ თავისუფალი, ნორმალური, მშვიდი და ღირსეული სამუშაო პირობები”, – ნათქვამია განცხადებაში.