ფიროსმანის მექანიკური მორწყვის სისტემების რეაბილიტაცია დაიწყო

სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაციამ“ კახეთის რეგიონში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ფიროსმანის მექანიკური მორწყვის სისტემების რეაბილიტაცია დაიწყო.
სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით გალეგაშვილი და შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი ლევან დვალი გაეცნენ. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, პროექტის ფარგლებში ახალი 4,34 კმ-იანი მილსადენი მოეწყობა და აშენდება სატუმბი სადგური. პროექტის დასრულების შემდეგ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ორი სოფლის მოსახლეობა დაახლოებით 1200 ჰექტარი სავარგულების მოსარწყავად ისარგებლებს წყლით. პროექტის ღირებულებაა 5 000 000 ლარი.
„25 წელია რაც საქართველოს საზღვარზე მდებარე სოფელ ფიროსმანში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოები არ ჩატარებულა. ჩვენ დავიწყეთ რამდენიმე მილიონიანი პროექტი. 1200 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო სავარგული გასარწყავდება, რაც მოსახლეობის შემოსავლის ზრდას შეუწყობს ხელს“,-აღნიშნა დავით გალეგაშვილმა.
შპს „საქართველოს მელიორაციის გენერალური დირეტქორის ლევან დვალის განმარტებით, სამუშაოები მომდევნო წლის სარწყავი სეზონისათვის დასრულდება. გარდა აღნიშნული პროექტისა, შპს „საქართველოს მელიორაცია“ კახეთის რეგიონში დღეისათვის სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 8, ხოლო საქართველოს მასშტაბით 25 სარეაბილიტაციო პროექტს ახორციელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები